მთავარისაქართველოევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია

ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია

პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლე უვადოდ გაამწესა

უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის უვადოდ დანიშვნა გააკრიტიკა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ. ის ამბობს, რომ  მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა, პროცესი მაინც არ შეჩერდა. ამან კი მისივე განცხადებით, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომლის თანახმად, ყველა მიმდინარე დანიშვნა დროებით უნდა შეჩერდეს. ასეთია გზავნილი ევროკომისიისგან, რომელიც თბილისმა მიიღო.

განცხადებაში ასევე წერია, რომ სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა დანიშვნის კენჭისყრით საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა იმის შესაძლებლობა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართ თავისი ერთგულება დაემტკიცებინა.

ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციციაში ამბობენ, რომ მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციები.

„ამ ექვსი მოსამართლის მისამართით, მათ კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, არსებობს კითხვის ნიშნები. შესაბამისად, ამით ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება სასამართლოს დამოუკიდებლობას. მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, „კლანი“, გაიმყარებს თავის პოზიციებს უზენაეს სასამართლოში და სასამართლო სისტემის გაჯანსაღების პერსპექტივა რეალურად უკან დაიხევს“, – თქვა საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსმა, თამარ ხუხიამ.

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 აირჩია. კენჭისყრა პარლამენტში 12 ივლისს ჩატარდა. პროცესში 66 ოპოზიციონერი დეპუტატიდან მხოლოდ 6 მონაწილეობდა.

იქამდე კი პოლიტიკურმა პარტიებმა 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, სადაც ეწერა, რომ უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით. სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსის ამ ფორმით გაგრძელება ეწინააღმდეგებოდა როგორც 19 აპრილის შეთანხმების პირობებს, ასევე მართლმსაჯულების ინტერესებს ქვეყანაში.

„შეთანხმებაში ხაზგასმით წერია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ უნდა დანიშნულიყვნენ მანამდე მოქმედი კანონმდებლობით და რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსი უნდა დაწყებულიყო ახლიდან, რათა ყველა კანდიდატს ჰქონოდა თანაბარი მიდგომა. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვნახეთ, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები და „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს ასაღებს ისე, რომ თითქოს უკვე წინასწარ შეასრულეს მათ 19 აპრილის შეთანხმების ვალდებულებები, მაგრამ თუკი ეს ასე იყო და მათ წინასწარ შესრულებული ჰქონდათ ვალდებულებები, კითხვებს აჩენს, საერთოდ რატომ მოაწერეს მაშინ ამ ნაწილში შეთანხმებას ხელი. მეორე ამბავი არის ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსი არ მიემართება მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებას და კანონმდებლობას მთლიანად ახლიდან უნდა მოეწესრიგებინა საბჭოსა და პარლამენტის დონეზე გადაწყვეტილების მიღების წესები“, – აღნიშნა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ პროგრამის დირექტორმა, გურამ იმნაძემ.

კრიტიკული გამოხმაურების მიუხედავად, ევროკავშირი მზად არის, კიდევ ერთხელ გამართოს მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე ქართულ მხარესთან.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend