მთავარიევროპაბულგარეთიბულგარეთში ოპოზიციური პარტია „არის ასეთი ხალხი“ არჩევნებისთვის ემზადება

ბულგარეთში ოპოზიციური პარტია „არის ასეთი ხალხი“ არჩევნებისთვის ემზადება

აპრილის საყოველთაო არჩევნებში დადებითი შედეგების შემდეგ, პარტია სახელწოდებით „არის ასეთი ხალხი“, 11 ივლისს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ელის.

პარტიის ლიდერი, მომღერალი და ტელეწამყვანი სლავი ტრიფონოვი ყურადღების ცენტრში ნაკლებად ხვდება. ის თავის ამომრჩეველს ძირითადად ფეისბუკის მეშვეობით მიმართავს.

მას მხოლოდ ერთი საჯარო გამოსვლა ჰქონდა, როდესაც ის პლოვდივში სტუდენტებს შეხვდა. 

მიუხედავად იმისა, რომ კამპანიისას სლავი ტრიფონოვი ჩრდილშია, მისმა პარტიამ საზოგადოებასთან ურთიერთობის ტრადიციული გზა აირჩია, როგორიცაა შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.

ქალაქ რაზგრადში პარტიის წარმომადგენლებმა დეტალური გეგმები წარმოადგინეს. ხშირად პარტიას იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ გაწერილი მიზნები და ინიციატივები არ ჰქონდათ. ერთი რამ კი უცვლელი რჩება: გამოკვეთილი გამყოფი ხაზი ახალ პარტიებსა და პოლიტიკურ ისტაბლიშმენტების შორის.

„დანარჩენი ორი პარტია, რომელიც პოლიტიკური ისტაბლიშმენტის წინააღმდეგია, მათთან თანამშრომლობას არ უნდა განიხილავდეს. ჩვენ ამას არც განვიხილავთ. ბულგარეთის ცენტრისტულ-მემარჯვენე პოლიტიკური პარტია, სოციალისტური პარტია, მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის – ამ პარტიებს ყველა ახალი პარტია უნდა გაემიჯნოს“, – ამბობს პარტიის „არის ასეთი ხალხი“ ვიცე-პრეზიდენტი, ტოშკო იორდანოვი.

აპრილის არჩევნების შემდეგ პარტიამ „არის ასეთი ხალხი“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარი სწორედ მისთვის მიუღებელი პარტიების გამო თქვა. 

„არ ვიცი, რა მოხდება. ვიცი, რომ ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ყველას აინტერესებს, მაგრამ ჩვენ ჯერ შედეგები უნდა ვნახოთ. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ“, – ამბობს პარტიის ვიცე-პრეზიდენტი.

პარტიის ლიდერმა სლავი ტრიფონოვმა კი განაცხადა, რომ ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. ეს კი უფრო მეტ გაურკვევლობას გამოიწვევს როგორც არჩევნების შედეგების, ისე მთავრობის ჩამოყალიბების პერსპექტივების თვალსაზრისით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend