მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენის პროფილი

ჯო ბაიდენის პროფილი

ჯო ბაიდენის ამერიკული პოლიტიკის მწვერვალისაკენ მიმავალი გზა რადიკალურად განსხვავდება მისი კონკურენტისაგან.  ბაიდენი დინჯი, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მიიწევდა წინ პოლიტიკური იერარქიის კიბეზე.

 

მისი პოლიტიკური კარიერა პენსილვანიის შტატის ქალაქ სკრანტონში მოკრძალებულად დაიწყო.

….სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ, პოლიტიკაში წასვლამდე, ბაიდენი ცოტა ხანი ადვოკატად მუშაობდა. 1972 წელს, ყველასათვის გასაოცრად, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სენატორი გახდა. ასე დაიწყო მისი 40  -წლიანი პოლიტიკური კარიერა კაპიტოლიუმის ბორცვზე.

მაგრამ უმძიმესმა ტრაგედიამ ამ კარიერას თითქმის წერტილი დაუსვა. სენატში ინაუგურაციიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ ბაიდენის პირველი ცოლი ნეილა და ჩვილი გოგონა ემი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. ტრაგედია აქ არ დასრულებულა. 2015 წელს ბაიდენის ვაჟი ბო ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.

 

1987 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარუმატებლობის შემდეგ ბაიდენმა ბედი 20 წლის შემდეგ სცადა, მაგრამ ბევრად უფრო ქარიზმატულმა ოპონენტმა ბარაქ ობამამ დაჩრდილა. თუმცა ობამამ უფროსი კოლეგის გამოცდილება გაითვალისწინა და ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა.

 „საუკეთესო ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ამერიკას ოდესმე ჰყოლია, არის ჯო ბაიდენი,“- ასე წარადგინა ბარაქ ობამამ ჯო ბაიდენი.

 

ცენტრისტული მიმართულების ბაიდენმა პრეზიდენტობისთვის ბრძოლა 2020 წლის არჩევნებშიც გადაწყვიტა. თუმცა პარტიის შიდა არჩევნებზე  დემოკრატების კიდევ ერთ კანდიდატთან, მემარცხენე ბერნი სანდერსთან, მოუწია დაპირისპირება.

შედარებით სუსტი დასაწყისის მიუხედავად, ბაიდენმა სანდერსი დაამარცხა, თუმცა დემოკრატებში აზრი ისევ ორად იყო გაყოფილი.

ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანია მაინც შემართებით დაიწყო, მაგრამ მალე დონალდ ტრამპის ბანაკმა კორუფციაში დაადანაშაულა… მისი ვაჟის, ჰანტერის, უკრაინაში წარმოებულ ბიზნესგარიგებებთან დაკავშირებით. ამ თავდასხმას კიდევ მრავალი სხვა მოჰყვა.

ამერიკის რესპუბლიკელი  პრეზიდენტის გუნდმა დემოკრატების კანდიდატს გონებასუსტი და მემარცხენეების მძევალი უწოდა. უწოდეს უუნაროც. ტრამპი მას უმოწყალოდ დასცინოდა იმის გამო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენი დელავერის შტატიდან, თავისი სახლის სარდაფიდან, მიმართავდა ამომრჩეველს.

 

 „ მე ვერ გეტყვით, რა მოხდება. ჩვენი მძინარე ბიჭი სახლის სარდაფში ზის, სადაც  პრესასაც საშვით უშვებენ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთან ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.

მაგრამ ბაიდენი ბუნკერიდან საბრძოლო განწყობით გამოვიდა და ტრამპს შეეჭიდა. ცნობილ სატელევიზიო დებატებში, რომელმაც აუდიტორიის გულისწყრომა დაიმსახურა, ბაიდენმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.

 

სტაბილური და მყარი ცვალებადისა და ფიცხის წინააღმდეგ – ასეთი არჩევანის წინაშე დგას ამერიკელი ამომრჩეველი დღეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:36
spot_imgspot_img
Send this to a friend