მთავარიკულტურა"ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ"

“ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ”

 

ავტორიები: თორნიკე კოპლატაძე, ნინი დვალიშვილი

კულტურის ისტორიის მუზეუმმა გამოსცა ახალი კრებული – “ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ”, რომელშიც თავმოყრილია საქმიანი ქაღალდები, დაზვერვის სამსახურის მიერ გაგზავნილი ცნობები და საერთაშორისო შეთანხმებები საქართველოსთან დაკავშირებით.

„ტიფლისიდან მიღებული ცნობები იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ რუსეთი ისევე ცდილობს ჩაერიოს სხვა ქვეყნის საქმეებში, როგორც ამას ინგლისი აკეთებს ინდოეთში,“ – წერს ინგლისელი კორესპონდენტი კონსტანტინოპოლიდან 1857 წელს.

ეს ცნობა მოგვინებით ბრიტანულ გაზეთ „მორნინგ ქრონიქლში“დაიბეჭდა. მსგავსი სხვა საინტერესო ისტორია, ანალიზი და მიმოწერა თავმოყრილია 400-გვერდიან კრებულში „ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ“, რომელიც კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორის, გიორგი კალანდიას, ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა.

კრებულის ავტორის, გიორგი კალანდიას, მოსაზრებით, ქართული სამეცნიერო საზოგადოება არ არის განებივრებული ისეთი წყაროებით, რომლებიც ევროპელის თვალით დანახულ საქართველოს ისტორიას მოჰყვება.

„მიუხედავად იმისა, რომ ამის საკმაოდ დიდი ტრადიცია არსებობს, თვითონ მასალა მრავალფეროვანი არ არის. ამიტომ ჩვენ გვინდოდა, ეს თეთრი ლაქა მეტ-ნაკლებად შეგვევსო და ჩამოგვეტანა ინგლისის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ისეთი ცნობები, რომლებიც ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას ძალიან დააინტერესებდა.“

კრებულში შესულია XVII-XIX საუკუნის 500-ზე მეტი დოკუმენტი, რომლებიც ინგლისურ და ირლანდიურ გაზეთებში იბეჭდებოდა. წყაროების უმრავლესობა ქართულად პირველად თარგმნეს. პირველად გამოიცა 200-მდე უნიკალური ილუსტრაციაც, მათ შორის ინგლისელი მოგზაურისა და დიპლომატის, კერ პორტერის, ჩანაწერები საქართველოს შესახებ:

„ხეობა, რომელიც ჩვენ თვალწინ თანდათან იშლებოდა, არაჩვეულებრივი და მომნუსხავი გახლდათ: ერთმანეთის უკან ჩამწკრივებული, განსხვავებული ფორმისა და იერის უსასრულოდ გადაჭიმული მთები, რომლებსაც დიდებული ყაზბეგის მთის ფერმკრთალი მწვერვალი აგვირგვინებდა.“

კერ პორტერის ჩანაწერები ნინო ნოზაძემ თარგმნა და მეცნიერულად შეისწავლა. როგორც ირკვევა, კერი პორტერმა საქართველოში ბევრი იმოგზაურა და დარიალის ხეობასაც კი ეწვია, სადაც მოგზაურობა საკმაოდ საშიში იყო.

„კერი მთელი ოქტომბრისა და ნოემბრის განმავლობაში მოგზაურობს თბილისსა და საქართველოში და დეტალურად აღწერს ყოველ ციხესიმაგრესა თუ ციხეს. ასევე, აკეთებს ჩანახატებს. ძალიან საინტერესოა მისი მოგზაურობა დარიალის ხეობაში, იმიტომ, რომ ყველა აფრთხილებდა, რომ მთელ საქართველოში ყველაზე საშიში იყო დარიალის ხეობა. აქ მუდმივად იყო სისხლისღვრა და ყაჩაღობა. ფაქტობრივად, თავისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენა, მაგრამ უნიკალური ჩანახატები სწორედ დარიალის ხეობაში გააკეთა“.

არქივში დაცულია ელისაბედ I-ის, ჰენრი VIII-ის, მერი ტიუდორის მიმოწერა, საქმიანი ქაღალდები, სადაზვერვო ცნობები და საერთაშორისო შეთანხმებების დოკუმენტები. გიორგი კალანდიას განმარტებით, კრებული საქართველოს ისტორიას ევროპულ რაკურსში წარმოაჩენს.

„საქართველოს აღიქვამდნენ ძალიან საინტერესო პარტნიორად. განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, როდესაც იმავე ჰენრი მერვის, ან ელისაბედ პირველის მაგიდაზე ჩნდებოდა ცნობები საქართველოს შესახებ. ეს არ იყო შემთხვევითი, იმიტომ, რომ ევროპას აინტერესებდა საქართველო და უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ 1532 წლის კალეს შეთანხმებაში საქართველოს, როგორც ევროპელი მონარქების პარტნიორის, სახელი ორჯერ არის ნახსენები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განმარტავს კალანდია.

წიგნი, რომლის სამეცნიერო კონსულტანტები ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ოქსფორდის ბოდლეანის ბიბლიოთეკის თანამშრომლები იყვნენ, ხელოვნების სასახლის მაღაზიაში იყიდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend