ამ ადგილას ბევრ მიტოვებულ სახლსა და რადიაციის მანიშნებელ დაფას ნახავთ. ეს ჩერნობილის აკრძალულია ზონაა.
დამთრგუნველი გარემოს მიუხედავად, აქ ადამიანები მაინც ცხოვრობენ. ერთ-ერთი მათგანი 85 წლის ევგენი მარკევიჩია.
1986 წელს მომხდარი ბირთვული კატასტროფის დროს მას სხვებთან ერთად დაატოვებინეს ტერიტორია.
თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ მან მშობლიურ სახლში დაბრუნება შეძლო. როგორც ევგენი ამბობს, მან დაარწმუნა ადგილობრივი მეცნიერები, რომ სამსახურში აეყვანათ.
„აქ დასაბრუნებლად ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მომიწია. პირველად კატერს გამოვყევი, მეორედ პოლიციის ფორმა ჩავიცვი, ხოლო მესამედ ტყიდან შემოვიპარე. როდესაც რაღაც ძალიან გინდა, ვერაფერი შეგაჩერებს“, – ამბობს ჩერნობილელი ევგენი მარკევიჩი.
ევგენი ტიპური უკრაინული სოფლის მცხოვრებია. ზამთარში იგი შეშას აგროვებს, ხოლო ზაფხულობით ცოლთან ერთად ბოსტნეულს ზრდის.
ტყეებში იგი თავისი ძველი „ლადათი“ დადის. თუმცა რადიაციის მაღალი დონის გამო მას სიფრთხილის გამოჩენა უწევს.
„აქ ყველგან რადიაციაა, ამიტომაც წესების დაცვა აუცილებელია. რა თქმა უნდა, შეუძლებელია სრულიად დაცული იყო. ჩვენ აქ კარტოფილსა და კიტრს ვზრდით. შემდეგ მათ შესამოწმებლად ლაბორატორიაში ვაგზავნით“, – ამბობს ჩერნობილის მოსახლე ევგენი მარკევიჩი.
ექსპერტები ამბობენ, რომ აქაურობა საცხოვრებლად კიდევ ასობით და ათასობით წელი არ ივარგებს.
მიუხედავად ამისა, ევგენი ამბობს, რომ ის თავის ცოლთან ერთად თავს კარგად გრძნობს.