აეროპორტის დაფაზე წარწერები მიუთითებს, რომ თვითმფრინავი მალე დაეშვება და ვიზიტორები საქართველოში შემოსვლას შეძლებენ.
ზოგ ქვეყანაში საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთები გაძვირებულია, ზოგში კი იგივე ფასი აქვს. ტურისტები საქართველოში სხვადასხვა მიზეზით ჩამოდიან. ნაწილი სამსახურეობრივი მოვალეობით, ზოგიც უბრალოდ, ქალაქის დასათვალიერებლად.
„საქართველოში სამსახურეობრივი მოვალეობით ჩამოვედი, რამდენიმე წელია აქ ბიზნესი მაქვს. ბილეთები უპრობლემოდ ავიღე, თვითმფრინავი ნახევრად ცარიელი იყო“, – თქვა ანტონმა.
„აქ სამი წლის წინ ვიყავი და საქართველო ისე მომეწონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, კიდევ გადავწყვიტე ჩამოსვლა. რამდენიმე თვის წინ ვიყიდე ბილეთები, თუმცა მაშინ გამიუქმდა და ახლა შევძელი ჩამოსვლა. სპეციალური ანკეტა შევავსე, ავიღე PCR ტესტი, საჭირო საბუთები კი საპასპორტო კონტროლზე წარვადგინე“, – აღნიშნა დარიამ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამბობენ, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა თანმიმდევრულად და ეტაპობრივად ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კომპანია ჯერ კიდევ არ ოპერირებს, სტატისტიკა პერიოდულად იცვლება და საჰაერო ბაზარს უფრო მეტი კომპანია ემატება.
„პანდემიამდე ყველაზე უფრო აქტიური წელი, როცა ყველაზე მეტი ავიამიმოსვლა გვქონდა, იყო 2019 წელი, ზაფხულის პერიოდში, თუმცა ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ 2019 წლისას, ეს იყო დაახლოებით 460-470 ფრენა კვირაში. სტატისტიკა იცვლება, იმატებს ფრენების რაოდენობა, მოსალოდნელია, 190-მდე ფრენა კვირაში“, – განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, ლევან კარანაძემ.
დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ოპტიმისტურ სურათს ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ ზაფხულის პიკურ პერიოდში ავიარეისების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და კვირაში 300-მდე რეისი იქნება.
„ორმოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ნეგატიური PCR ტესტის საფუძველზე და ვაქცინის მქონე ნებისმიერ მოქალაქეს შუძლია, შემოვიდეს საქართველოში. გვესმის, რომ კორონავირუსი ჯერ-ჯერობით ცირკულირებს. სასურველია, გავითვალისწინოთ კარგად ნაცნობი რჩევები პირბადის ტარებასა და სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებით. ვაქცინაციის პროცესის წარმატებით განხორცილებაც მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, ლევან კარანაძემ.
ვაქცინაციის მიუხედავად, კორონავირუსი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
თუმცა, საქართველოში პოზიტიური მოლოდინები აქვთ, რომ ამ ზაფხულს ქვეყანას შარშანდელთან შედარებით, უფრო მეტი ტურისტი ეწვევა.
ანა ალელიშვილი