მთავარიკუბიClubhouse-ის ადმინისტრაცია პერსონალური მონაცემების გავრცელების შესახებ ბრალდებას უარყოფს

Clubhouse-ის ადმინისტრაცია პერსონალური მონაცემების გავრცელების შესახებ ბრალდებას უარყოფს

აუდიო სოციალური ქსელის Clubhouse-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პოლ დევიდსონი გამოცემა the Verge-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ  სიმართლეს არ შეესაბამება. იგივე განაცხადეს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეც. დევიდსონი აღნიშნავს, რომ პლატფორმა არ დაზიანებულა და გავრცელებული ინფორმაცია მომხმარებლების მიერ საჯაროდ გაზიარებული პერსონალური მონაცემია.

მონაცემების გავრცელების  შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა გამოცემა Cybernews-მა, რომელმაც გასულ კვირას აღმოაჩინა, რომ ფეისბუკის 500 მილიონზე მეტი მომხმარებლის, მათ შორის ქართველების, პერსონალური მონაცემები ჰაკერულ ფორუმზე განთავსდა.

Cybernews-ის ცნობით, ჰაკერულ ფორუმზე ამჯერად Clubhouse-ის 1,3 მილიონი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციაა. ისინი ასევე აჩვენებენ ფორუმზე ე.წ. „სქრინშოთს“, რომელზეც მითითებულია ამ მონაცემების ბმული.

ინფორმაცია მოიცავს სხვადასხვა მონაცემს, სახელებს, გვარებს, ფოტოებს, ტვიტერისა და ინსტაგრამის ანგარიშების ბმულებს, გამომწერების რაოდენობას, ანგარიშის შექმნის თარიღს.

Clubhouse-ში აღნიშნავენ, რომ მონაცემი არ არის პერსონალური და მათზე წვდომა კლუბის ყველა წევრი აქვს. ამ საკითხს ტვიტერზე დისკუსია მოჰყვა. მომხმარებლების ნაწილმა შეშფოთება გამოთქვა Clubhouse-ის კონფიდენციალობის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

Cybernews-ის უფროსი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ასეთი მონაცემების გამოქვეყნება და ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენზე აუდიო სოციალური ქსელი აგროვებს, პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს მომხმარებლებისთვს. მისივე თქმით, მხოლოდ ამ გავრცელებული ინფორმაციით კიბერდამნაშავეებს შეუძლიათ განახორციელონ  ე.წ. „ფიშინგი“, ანუ მოტყუებით მოიპოვონ მომხმარებელთა მონაცემები  და მოაწყონ სოციალური ინჟინერიის სხვადასხვა ტიპის კიბერთავდასხმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend