ვაქცინაცია განსხვავებული ტემპით მიმდინარეობს დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნებში. სერბეთში მოსახლეობის 34 პროცენტი უკვე აიცრა. დასავლური წარმოების ვაქცინების გარდა, ქვეყანაში ჩინურ და რუსულ ვაქცინებსაც იყენებენ. სერბეთისგან განსხვავებით, მოსახლეობის უმეტესობა აუცრელი რჩება ბოსნიაში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთში.
მას შემდეგ, რაც სერბეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ვაქცინის გაკეთების უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც მიეცემათ, ბელგრადის ქუჩები ბოსნიელებით, მონტენეგროელებითა და ჩრდილოეთმაკედონელებით გაივსო. სერბეთის წარმატებული ვაქცინაციის პროგრამისგან განსხვავებით, ბალკანეთის სხვა ქვეყნებში ვაქცინების დისტრიბუცია ნელი ტემპით მიმდინარეობს. ექსპერტების თქმით, ამ ნაბიჯით სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი რეგიონში პოლიტიკური გავლენის მოპოვებას ცდილობს.
„მაკედონიაში ვაქცინები არ გვაქვს. აქ ასაცრელად მოვედი. გვიხარია, რომ სერბეთში ვაქცინაციის შესაძლებლობა მოგვეცა“, – ამბობს ვაქცინაციის ცენტრის რიგში მდგომი მაკედონელი მამაკაცი.
„ჩემი აზრით, ჩვენ მაინც ერთი სახელმწიფო ვართ. ჩემთვის სულერთია, ბოსნიაში ვიქნები თუ სერბეთში,“ – ამბობს ვაქცინაციის ცენტრის რიგში მდგომი ბოსნიელი მამაკაცი.
ჩრდილოეთ მაკედონიაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია კვირას, „კოვაქსის“ პლატფორმის დახმარებით მიიღეს. სკოპიეს აეროპორტში თვითმფრინავიდან ვაქცინის 24 ათასი დოზა გადმოზიდეს.
„ჩვენი მოლოდინი ვაქცინის ჩამოტანის ვადებთან დაკავშირებით არ გამართლდა. მათი მოწოდება რამდენიმე კვირით დაგვიანდა. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რამხელა მოთხოვნაა ვაქცინაზე მსოფლიოში. სასიხარულოა, რომ „კოვაქსის“ სისტემა არსებობს“, – აცხადებს ჩრდილოეთი მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრი ვენკო ფილიპჩე.
ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდა ალბანეთში. გასულ კვირას ქვეყანამ ჩინური ვაქცინა „სინოვაკის“ 192 ათასი ახალი დოზა მიიღო.