მთავარისაქართველორას გეგმავს ოპოზიცია

რას გეგმავს ოპოზიცია

ვიდრე ევროკავშირი მედიატორის მისიის გაგრძელებაზე მსჯელობს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.  ისინი მოსახლეობას კარდაკარ შეხვდებიან და პერმანენტულ აქციებსაც აანონსებენ. ხელისუფლებაში კი  მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა როგორც  ამბობდნენ, მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. ისინი ლოზუნგით – „მოძრაობა საქართველოსთვის“ გაერთიანდნენ. ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ მოლაპარაკებების აუცილებლობა დღის წესრიგში კვლავ დგას. მათი თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს თავიანთ ამომრჩეველთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა ექნებათ. იქნება პერმანენტული აქციებიც.

„შემდეგი ნაბიჯები იქნება უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს ამომრჩეველთან. ყველა პარტიას ჰყავს თავისი ამომრჩეველი და დავიწყებთ საუბარს ჩვენს ამომრჩეველთან – მიმდინარე მოვლენებზე, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და ასევე სამომავლო გეგმებზე. იმიტომ, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის, კოალიციური მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გაშვების შემდეგ, რას ვთავაზობთ კონკრეტული მიმართულებებით, რა გეგმები გვაქვს და როგორ კოორდინაციაში ვიქნებით ერთმანეთთან. ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში“, – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი უკვე თითქმის ხუთი თვეა გრძელდება. 12 მარტს საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, ეწვია. მისი მიზანი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დიალოგის განახლება იყო. თუმცა, ევროკავშირის მედიატორობით ერთკვირიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ხელისუფლებაში კი მზაობას გამოთქვამენ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

„ქართული ოცნება“, როგორც მოლაპარაკების პროცესამდე, ასევე დღესაც, სრულ მზაობას გამოთქვამს, რომ იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება, რომელიც ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ამომრჩევლებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის ინტერესებში შედის, მზად ვართ, სხვადასხვა ფორმატში, იქნება ეს გაერთიანებული ოპოზიცია, თუ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან ცალ-ცალკე მოლაპარაკება, გავაგრძელოთ ეს პროცესი და დავასრულოთ იმგვარად, რომ კონკრეტული შედეგები მივიღოთ, დამთავრდეს ქართული პოლიტიკა ქუჩაში და გადმოინაცვლოს ამან საქართველოს პარლამენტში“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები გეგმავენ, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში ჩავიდნენ და ხალხს მოუსმინონ. 15 მაისს კი რუსთაველის გამზირზე დიდ საპროტესტო აქციას გამართავენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend