მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება BREXIT-დან 6 წლის შემდეგ

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება BREXIT-დან 6 წლის შემდეგ

გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის კონკურენციის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა.

დოკუმენტის მიზანია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დაცვის სფეროში ზედამხედველობის უზრუნველყოფა.

ევროპელი დიპლომატების თანახმად, ევრობლოკიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, ლონდონსა და ბრიუსელს შორის ამ მიმართულებით მრავალი კითხვის ნიშანი და ერთგვარი „საკანონმდებლო წყვეტა“ გაჩნდა, ხოლო პრობლემა ყოველწლიურად იზრდება.

„Brexit-ის შემდეგ ეს შეთანხმება შეგვიქმნის ფორმალურ, მკაფიო და გამჭვირვალე სტრუქტურას ერთობლივი მუშაობისთვის.

ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ მკაფიო მაგალითები, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პირველ რიგში, შეთანხმება უზრუნველყოფს ერთმანეთის ინფორმირებას საკვანძო საკითხების შესახებ, რომელთა წამოწევასაც ვაპირებთ ერთობლივი მსხვილი საქმეების ფარგლებში.

გაგვიმარტივებს კონფიდენციალური ინფორმაციის მიმოცვლას, განსაკუთრებით ანტიმონოპოლიური გამოძიებების მიმართულებით, რაც დაგვეხმარება საფუძვლიანი და თანმიმდევრული მიდგომების უზრუნველყოფაში.

ეს წაადგება ჩვენი კომპანიებისა და საქმიანი წრეების თანამშრომლობას, რაც მიმართული იქნება ლა-მანშის ორივე მხარეს ურთიერთობების სამომავლო გაუმჯობესებაზე“, — განაცხადა ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა რიბერამ.

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის მინისტრის ვიზიტის მიზანია დაარწმუნოს ევრობლოკის ხელმძღვანელობა, რომ ევროკომისიის სავაჭრო შეღავათების პროგრამა მხოლოდ გაერთიანების წევრ სახელმწიფოებზე არ გავრცელდეს.

ბრიტანელი მინისტრის თქმით, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური მიმართულებები მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ამიტომ ე.წ. „საშეღავათო საზღვრების“ დაწესება და ამით პროცესებიდან ლონდონის გამოთიშვა ორივე მხარისთვის დამაზიანებელი იქნება.

„ეს შეთანხმება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესის კეთილდღეობისთვის აუცილებელია წინასწარი პროგნოზირებადობა, სტაბილურობა და ხანგრძლივი დაგეგმვა.

კონკურენციის კონტექსტში ეს სამივე ფაქტორი უზრუნველყოფილია, შესაბამისად, საკვანძო როლს ითამაშებს ჩვენი ორივე სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.

რაც შეეხება აშშ-ს — უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მომენტიდან ცენტრალური ხელისუფლება, დაუნინგ-სთრითი, მეც და ჩემი უწყება მუდმივად ვინარჩუნებთ კავშირს ჩვენს კოლეგებთან.

დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც გასულ წელს მოვაწერეთ ხელი, ძალაში რჩება. რადგანაც ჩვენ წინ მივიწევთ, დარწმუნებული ვარ, 10%-იანი სატარიფო მაჩვენებელიც უცვლელი დარჩება“, — განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ბიზნესისა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ კაილმა.

ევროკავშირის სტრატეგია სახელწოდებით „დამზადებულია ევროპაში“ ბლოკის გრძელვადიანი გეგმაა, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის და ევროკომისიის შიგნით არსებული უთანხმოებების ფონზე არაერთხელ გადაიდო. თუმცა, როგორც ჩანს, მალე საბოლოოდ იხილავს დღის სინათლეს.

ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ ამ გეგმამ შესაძლოა შეზღუდოს ინოვაციური მიდგომები და ტექნოლოგიებზე წვდომა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის.

ისინი გერმანიასთან ერთად მოითხოვენ, განისაზღვროს სტრატეგიის — „დამზადებულია ევროპაში“ — შინაარსი და მასში ჩართონ ევრობლოკის „სანდო სავაჭრო პარტნიორები“.

საპასუხოდ, საფრანგეთს, პირიქით, სურს შეზღუდოს ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები, თუმცა ჩართოს ნორვეგია, ლიხტენშტეინი, ისლანდია და ის სახელმწიფოები, რომლებიც ბლოკთან შესყიდვების სფეროში შეთანხმებებით არიან დაკავშირებული.

ევროკავშირიდან ოფიციალურად 2020 წელს გასულ გაერთიანებულ სამეფოს ექვსი წლისთავზე სურს კვლავ აღადგინოს ევრობლოკთან სტრატეგიული კავშირები და ფართო ჭრილში ჰქონდეს ისეთივე მანდატი, როგორიც წევრ სახელმწიფოებს აქვთ.

ამის შესახებ ბოლო პერიოდში არაერთი მოლაპარაკება გაიმართა, თუმცა გასული წლის ნოემბერში ბრიუსელსა და ლონდონს შორის ერთ-ერთი ასეთი კომუნიკაცია ჩავარდა, რადგან ფინანსური კონტრიბუციის საკითხზე კომპრომისი ვერ შედგა.

ევრობლოკი 2 მილიარდი ევროს ოდენობის კონტრიბუციას მოითხოვდა, მაშინ როდესაც ლონდონი მხოლოდ 100 მილიონი ევროს გაღებას გეგმავდა.

ამავდროულად, გაერთიანებულ სამეფოს სურს მონაწილეობა მიიღოს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გაცემაში, რომლის ორი მესამედი სამხედრო სფეროსთვის არის განკუთვნილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend