ნაკლები მოლოდინი ჟენევის სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისგან და პარტნიორებთან მტკიცე თანამშრომლობის სურვილი — ეს საკითხები მოექცა კიევში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის დღის წესრიგში.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად წინაღობას კვლავ ოკუპირებული ტერიტორიები და კრემლის პოლიტიკური ნება წარმოადგენს.
კიევში უპასუხეს მოსკოვის ბრალდებებსაც, თითქოს ევროპის სახელმწიფოები — საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო — აპირებენ უკრაინის მომარაგებას ბირთვული არსენალით.
ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, 1994 წელს რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შუამავლობით გაფორმებული „ბუდაპეშტის მემორანდუმით“ კიევმა აიღო ვალდებულება, რომლის თანახმადაც ბირთვული შეიარაღება რუსულ მხარეს გადასცა. თავის მხრივ, ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა მოსკოვის, ვაშინგტონისა და ლონდონის ვალდებულებასაც — დაეცვათ უკრაინა სამხედრო აგრესიისგან და უზრუნველეყოთ მისი უსაფრთხოება.
მემორანდუმის გაფორმებიდან 20 წლისთავზე რუსეთმა ჯერ ყირიმის ანექსია მოახდინა, შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო სამხედრო მოქმედებები, ხოლო უკვე მეხუთე წელია სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის დაცვაზეც ერთ-ერთი პასუხისმგებელი თავადაც იყო.
„როგორც წესი, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე მარცხდება, ის იწყებს უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის ძებნას. სამწუხაროდ, უკრაინაში არ გვაქვს ბირთვული შეიარაღება.
ყველამ კარგად იცით ყველა ის გარემოება, რა დროსაც და ვისი წყალობითაც მოხდა ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ეს არის სამზადისი, ერთგვარი პოლიტიკური ზეწოლა სამმხრივი შეხვედრის წინ. ეს შეიძლება იყოს პასუხი ინფორმაციაზე, რომ ევროპა განიხილავს ბირთვული ქოლგის შექმნას.
ვფიქრობ, რუსეთი ყოველთვის საფრთხისშემცველად თამაშობს სიტყვებით — „ბირთვული იარაღი“. ამ ვითარებაში სასურველია, ბირთვული შეიარაღების მქონე სხვა სახელმწიფოებმაც რეაგირება მოახდინონ. უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს შეუძლია ჰქონდეს შესაბამისი გზავნილი“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პარტნიორებთან სამხედრო თანამშრომლობის ფონზე, ომში მყოფი სახელმწიფო თავადაც ცდილობს ამ მიმართულებით საკუთარი წარმოება გაზარდოს, რაც, როგორც ამბობს, წარმატებით გამოსდის.
„ფლამინგოს“ ტიპის რაკეტები 1 400 კილომეტრის მანძილზე იქნა გაშვებული. ვთვლი, რომ ეს არის ნამდვილი წარმატება ჩვენი სამხედრო ინდუსტრიისთვის. ამ რაკეტების წარმოება გრძელდება.
რუსეთის მხრიდან თავდასხმების გამო, ჩვენ მოგვიწია დიდხანს დავლოდებოდით საწარმოო ხაზის მოდერნიზაციას, თუმცა წარმოება გაიზრდება. წარმოებული რაკეტების რაოდენობის შესაბამისად გაიზრდება ჩვენი წარმატებული დარტყმების რაოდენობაც.
მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — გაშვებულმა რაკეტებმა მიაღწიეს მიზანს; ზოგიერთი მათგანი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ახლოს ჩამოვარდა, თუმცა ვთვლი, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა“, — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა კიევს ფინანსური მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ განუცხადა:
„2026 წელს ჩვენი მხარდამჭერი პაკეტის საერთო ღირებულება დაახლოებით 8 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ვფიქრობ, ეს 20%-ს შეადგენს იმ დახმარებისა, რომელსაც უკრაინა მიმდინარე წელს მიიღებს.
ვცდილობთ, მაქსიმალურად მივმართოთ ეს სახსრები უკრაინის საჭიროებებიდან გამომდინარე. ახლა ვხედავთ თქვენს ქვეყანაში მრეწველობის განვითარებას, რომელიც თქვენს გამოცდილებაზეა დაფუძნებული, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პარტნიორებისთვის.
შევთანხმდით ნორვეგიასა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების თაობაზე“, — განაცხადა იონას გარ სტორემ.
უკრაინის მთავრობას არ აქვს იმედი, რომ აშშ-ის შუამავლობით რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად მოსკოვსა და კიევს შორის ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა დაისადგურებს, რადგან საკვანძო საკითხად რჩება ქვეყნის აღმოსავლეთ ტერიტორიების ირგვლივ დავა, რომელსაც კრემლი „საკუთარ ისტორიულ მიწებად“ მოიხსენიებს.
დიპლომატიაზე საუბრის პარალელურად, რუსულ საოკუპაციო ჯარებს კვლავ მიაქვთ საჰაერო იერიშები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამჯერად მათი სამიზნე გახდა ზაპორიჟიაში მდებარე საცხოვრებელი სახლი.

