„ვერავინ გაიმარჯვებს. ეს დამანგრეველი ომი იქნება“, — ასეთია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის პოზიცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის წინ.
ჟენევაში, ომანის შუამავლობით, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება. ვაშინგტონისა და თეირანის დელეგაციები უკვე ადგილზე იმყოფებიან.
ირანის დელეგაციას აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტის წარმომადგენლები — სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი — წარმოადგენენ.
შვეიცარიაში გამგზავრებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეირანი ბირთვული ტექნოლოგიის „მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებაზე“ უარს არ იტყვის, თუმცა სხვა საკითხებზე დათმობებისთვის მზად არის.
„ვერავინ გაიმარჯვებს. ეს დამანგრეველი ომი იქნება. რადგან ამერიკის ბაზები რეგიონში სხვადასხვა ადგილზეა განთავსებული, სამწუხაროდ, შესაძლოა ამ პროცესში მთელი რეგიონი ჩაერთოს. ეს ძალიან საშინელი სცენარია.
რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად მზად ვართ ორივე ვარიანტისთვის — ომისთვის, ღმერთმა არ ქნას, და მშვიდობისთვის.
ვფიქრობ, სამართლიანი, დაბალანსებული და თანასწორი შეთანხმება მიღწევადია და ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და ვიცით, როგორ დავიცვათ თავი — სწორედ ეს გავაკეთეთ წინა ჯერზეც. წინა ომიდან ბევრი გაკვეთილი ვისწავლეთ, ამიტომ ახლა კიდევ უფრო მეტად მომზადებულები ვართ. და ეს, სხვათა შორის, ნიშნავს, რომ ჩვენი მიზანი ომის თავიდან აცილებაა.
ჩვენ მზად ვართ, გავაქარწყლოთ შეშფოთება, მაგრამ არ ვაპირებთ დავთმოთ ჩვენი უფლება ბირთვული ტექნოლოგიის მშვიდობიან გამოყენებაზე. ჩვენი პოზიცია და მოთხოვნა სწორედ ეს არის“, — განაცხადა აბას არაღჩიმ.
Oman’s Foreign Minister Badr Albusaidi met Steve Witkoff and Jared Kushner in Geneva to convey Iran’s perspectives and proposals as part of ongoing indirect nuclear talks, Oman’s state news agency said.
The discussions addressed key aspects of Iran’s nuclear program and the… pic.twitter.com/bwSQblE1D2
— Iran International English (@IranIntl_En) February 26, 2026
მოლაპარაკებების პარალელურად ირანის პრეზიდენტი კვლავ ამტკიცებს, რომ ქვეყანა ბირთვულ იარაღს არ ესწრაფვის. ამასთან, მასუდ ფეზეშქიანი ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპასა და ისრაელს ირანის რეჟიმის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.
„მათ შეიძლება ჰგონიათ, რომ მეც მათნაირი პოლიტიკოსი ვარ და ტყუილს ვამბობ. მაგრამ საზოგადოების სულიერ ლიდერს ტყუილის თქმა არ შეუძლია. როდესაც ის აცხადებს, რომ ჩვენ ბირთვული იარაღი არ გვექნება, ეს ნიშნავს, რომ ასე იქნება. თუნდაც მინდოდეს ამის გაკეთება, ჩემი რწმენის გამო ამას ვერ შევძლებ — ამის უფლება არ მაქვს. ისინი ამტკიცებენ, თითქოს ირანს არ უთქვამს, რომ ბირთვულ იარაღს არ ესწრაფვის.
ჩვენ ტერორისტები ვართ? ადამიანებს ვხოცავთ? ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ირანმა 32 000 ადამიანი დახოცა. ეს ჩვენ გავაკეთეთ? ჩვენ თავად გამოვაცხადეთ დაღუპულთა რაოდენობა და პირადი ნომრებიც გავასაჯაროეთ. ვინც ამბობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა ამაზე მეტია, უნდა დაამტკიცოს.
ისინი დემონსტრანტები არ იყვნენ. მათ 350-ზე მეტი მეჩეთი დაწვეს და 300-ზე მეტ სკოლას დაესხნენ თავს. დემონსტრანტები სკოლებს აზიანებენ და მეჩეთებს წვავენ? ადამიანმა ლოგიკა უნდა გამოიყენოს. ზიონისტების ლიდერმა, ასევე ამერიკელებმა და ევროპელებმა დემონსტრანტებს უთხრეს: „თქვენ შეუტიეთ, ჩვენ კი ხვალ დაგეხმარებით“. ისინი სისტემის დამხობას ცდილობდნენ“, — განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები ომანის შუამავლობით მიმდინარეობს. ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბადრ ალ-ბუსაიდი, უკვე შეხვდა ირანელ კოლეგას და აბას არაღჩისგან ირანის პოზიციასთან დაკავშირებული დეტალები მოისმინა. მხარეებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყება, რაც ალ-ბუსაიდი ამერიკულ მხარესთანაც გამართავს შეხვედრას.

