მთავარიმსოფლიოპრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჰუმანიტარული მისიით იორდანიაში იმყოფებიან

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჰუმანიტარული მისიით იორდანიაში იმყოფებიან

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი იორდანიაში იმყოფებიან. ისინი  ღაზის სექტორიდან სამედიცინო ევაკუაციის შედეგად გადაყვანილ პაციენტებს შეხვდნენ. ვიზიტი ამანში, სპეციალიზებულ კლინიკაში, შედგა.

ჰარი და მეგანი იორდანიაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაციასთან ერთად ჩავიდნენ. ორდღიანი პროგრამის ფარგლებში ისინი კონფლიქტებისა და იძულებითი გადაადგილების შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობისა და ფსიქიკური მხარდაჭერის საკითხებზე მსჯელობენ. დელეგაციას ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში ჰარი და მეგანი მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში, სადაც ყურადღება გამახვილდა ომის შედეგად გამოწვეულ ფსიქიკურ ტრავმებსა და ჰუმანიტარული ჯანდაცვის რეაგირების გაძლიერებაზე.

წყვილი ამანში იმ ბავშვებსაც შეხვდა, რომლებიც ღაზიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გამოიყვანეს და ამჟამად მკურნალობას გადიან. ამ პროცესში ჩართული იყო ჰარისა და მეგანის არაკომერციული ორგანიზაცია ,,არჩველი” რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივებს დაუჭირა მხარი.

„დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ასეთი დიდი გულის მქონე ადამიანებთან ერთ ოთახში ყოფნა. არ ვიცი, რამდენჯერ გეუბნებიან მადლობას ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ, ალბათ ეს საკმარისიც არ არის. ამ მაგიდის გარშემო არიან ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც  ყოველდღიურად მუშაობთ, ისინი, ვინც საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ და ვისთვისაც ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. დამიჯერეთ, ყველამ, ვისაც ეს გამოუცდია,  იცის, რამდენად მძიმეა ეს თქვენთვის, მაგრამ თქვენ არ ნებდებით. რეალური შედეგების მიღწევის ერთადერთი გზა სწორედ ამ ოთახში არსებული თანამშრომლობაა, რომლისთვისაც ჩვენ უზომოდ მადლიერები ვართ ისევე, როგორც ამ ოთახის მიღმა მყოფი ყველა ადამიანი.

ვფიქრობ, ჩვენგან უმეტესობამ უბრალოდ უნდა დავაფასოთ ის, რომ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების სულ მცირე 99 პროცენტი ცხოვრობს მწუხარებასთან, ტრავმასთან  ერთად. რაც უფრო მალე გავიაზრებთ და მივიღებთ ამას, მით უფრო უკეთ დავინახავთ, რომ სწორედ ეს გვაერთიანებს და არა გვყოფს. ვფიქრობ, ასეთ სიტუაციებს სხვაგვარად შევხედავთ. ხშირად პრობლემებს თავად ვქმნით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება პირველ რეაგირებასა და მხარდაჭერას, განსაკუთრებით ფსიქიკურ ჯანმრთელობას, აუცილებელია, რომ ეს დახმარება თავიდანვე იყოს ხელმისაწვდომი” – განაცხადა პრინცმა ჰარიმ.

ვიზიტის პროგრამა ასევე მოიცავს World Central Kitchen-ის რეგიონული ოფისის მონახულებას. სწორედ აქედან ხდება ღაზაში საკვებისა და ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაცია. ორგანიზაცია წლებია მუშაობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

გარდა ამისა, ჰარი და მეგანი ეწვევიან ,,ზატარიის” ლტოლვილთა ბანაკს, სადაც ათასობით სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს. ვიზიტის მიზანია ყურადღების გამახვილება ლტოლვილთა ჯანმრთელობაზე, განათლებასა და თემზე დაფუძნებულ დახმარებაზე.

2020 წლის შემდეგ ჰარი და მეგანი აქტიურად არიან ჩართული ჰუმანიტარულ პროექტებში, რომლებიც ომით დაზარალებულ მშვიდობიან მოსახლეობას, განსაკუთრებით ბავშვებს, ეხმარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend