გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში გრძელდება. მან პეკინში ისტორიული სასახლის ,,აკრძალული ქალაქი“ დაათვალიერა. პეკინი აქტიურად ცდილობს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას აშშ-ის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფების საპასუხოდ.
ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპა ჩინეთთან „დაბალანსებული, საიმედო და სამართლიანი პარტნიორობისკენ“ ისწრაფვის. მისი თქმით, გლობალური კრიზისების, მათ შორის უკრაინაში ომის, მოგვარება პეკინის გარეშე შეუძლებელია. კანცლერმა ყურადღება გაამახვილა ევროპაში ჩინური ინვესტიციების, მათ შორის საწარმოო ქარხნების გახსნის მნიშვნელობაზეც.
ვიზიტის ფარგლებში მერცი შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და პრემიერ-მინისტრ ლი ციანს. შეხვედრების შემდეგ მან მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა და ისაუბრა ბიზნესპოტენციალზე, ასევე ჩინეთის მხრიდან ევროპული მწარმოებლის, Airbus-ეარბასისისგან 120-მდე თვითმფრინავის შეძენის შესაძლო შეთანხმებაზე.
„როგორც ჩინეთში, ისე გერმანიაში კარგად ესმით, რომ ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორივე ქვეყნის კეთილდღეობაში. ის ფაქტი, რომ მსოფლიოს სამი უდიდესი ეკონომიკიდან ორი ერთმანეთთან ვაჭრობს, ძლიერ იმპულსს ქმნის როგორც ჩვენთვის, ისე გლობალური მასშტაბით. ის პოტენციალიც, რომელიც ამ თანამშრომლობაში ჯერ კიდევ არსებობს, ნათლად ჩანს ამ ვიზიტის ფარგლებშიც.
ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა გეგმავს Airbus-ისგან დამატებითი თვითმფრინავების დიდი რაოდენობის შეკვეთას. ჯამში, საუბარია Airbus-ისგან 120-მდე ახალი თვითმფრინავის შეძენაზე“ – გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
ფრიდრიხ მერცმა ყურადღება გაამახვილა გერმანიასა და ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო დეფიციტზე რაც გულისხმობს იმას, რომ გერმანია ჩინეთიდან ბევრად მეტ საქონელს ყიდულობს, ვიდრე თავად ახერხებს ჩინეთში ექსპორტს. მისი თქმით, ასეთი ბალანსი გერმანიის ეკონომიკისთვის არაჯანსაღია, რადგან ზრდის ერთმხრივ დამოკიდებულებას და ზეწოლას ადგილობრივ წარმოებაზე.
ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ორივე ქვეყანას, როგორც მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნებს, საერთო პასუხისმგებლობა აკისრია პროტექციონიზმთან ბრძოლაში.
მერცის ორდღიანი ვიზიტი გაგრძელდება ჩინეთის ტექნოლოგიურ ჰაბში ჰანჯოუში, სადაც ის ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელ კომპანიას ეწვევა.
ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობაში „სტრატეგიული სტაბილურობა“ მიღწეულია და მხარეები თანხმდებიან, რომ სავაჭრო ომი ორივე ქვეყანას დააზიანებს. რუბიომ აღნიშნა, რომ, როგორც ბირთვულ ძალებს, აშშ-სა და ჩინეთს, დიალოგის გაგრძელება სჭირდებათ, მიუხედავად არსებული უთანხმოებებისა.
„ვფიქრობ, ჩინეთთან მაინც მივაღწიეთ სტრატეგიულ სტაბილურობას. ორივე ქვეყანამ დაასკვნა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სრულმასშტაბიანი გლობალური სავაჭრო ომი სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ორივე მხარეს და მთელ მსოფლიოს.
უთანხმოება კვლავ არსებობს. არის საკითხები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად დასაძლევი იქნება და შესაძლოა ურთიერთობაში გამაღიზიანებელ ფაქტორებად დარჩეს. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ არ მიგვაჩნია მართებულად ისეთი მსოფლიო, სადაც რომელიმე ქვეყანაზე 90%-ით ვიქნებით დამოკიდებული, იქნება ეს მიწოდების ჯაჭვი, კრიტიკული მინერალები თუ ფარმაცევტული პროდუქცია. ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა კრიტიკული მიწოდების ჯაჭვი დივერსიფიცირებული იყოს.
ეს, სავარაუდოდ, კვლავ გამოიწვევს დაპირისპირებას, თუმცა ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-სა და ჩინეთს ერთმანეთთან დიალოგი რომ არ ჰქონდეთ, ეს უპასუხისმგებლობა და სახიფათო იქნებოდა. არ მგონია, ვინმეს ეს კარგ იდეად მიაჩნდეს. მიუხედავად არსებული უთანხმოებისა, ეს უგუნურიც იქნებოდა და საშიშიც“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
ამასთან, აშშ კვლავ ცდილობს რუსეთთან და ჩინეთთან შეიარაღებასთან დაკავშირებული სამმხრივი შეთანხმების მიღწევას, თუმცა, როგორც რუბიომ აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება პეკინზეა დამოკიდებული.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 31 მარტიდან 2 აპრილამდე გეგმავს ვიზიტს ჩინეთში, სადაც იგი სი ძინპინს შეხვდება.

