25 თებერვალს კუბის ვილა კლარას პროვინციაში ამერიკული რეგისტრაციის მქონე კატერზე ცეცხლის გახსნამ და შემთხვევის შედეგად გამოწვეულმა მსხვერპლმა შესაძლოა, ვაშინგტონსა და ჰავანას შორის ისედაც დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები კიდევ უფრო გააუარესოს.
კუნძულოვანი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, „ფლორიდის სალიცენზიო ნომრის ქვეშ მცურავი სწრაფმავალი ნავი უკანონოდ შეიჭრა კუბის აკვატორიაში“, რომელსაც „იდენტიფიცირების მიზნით“ მიუახლოვდა ადგილობრივი სასაზღვრო დაცვის ხუთი წევრისგან შემდგარი ეკიპაჟი.
კუბის ხელისუფლების ინფორმაციით, მათი ჯგუფის მეთაური აშშ-ში რეგისტრირებული კატერიდან ცეცხლის გახსნის შედეგად დაიჭრა, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. შედეგად, ამერიკულ ნავზე ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი მძიმედ დაიჭრა.
მოგვიანებით, კუბის კომუნისტურმა მმართველობამ დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია სახელმწიფო მაუწყებლის ეთერით გაავრცელა და მათ ბრალი დასდო ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების სავარაუდო ორგანიზებაში.
„ყველა მათგანი აშშ-ში მცხოვრები კუბელია, რომელთა ნაწილს კრიმინალური და ძალადობრივი წარსული აქვს. მათ შორის არიან მიქაელ სანჩეს გონსალესი და ლეორდან ენრიკე კრუს გომესი, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად, კუბის და საერთაშორისო სამართლის ნორმებით ძებნილები არიან ჩვენი ქვეყნის ან სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ხელშეწყობის, დაგეგმვის, ორგანიზების, დაფინანსების ან მხარდაჭერის ბრალდებით“, — აცხადებენ კუბის ხელისუფლებაში.
Note from the Ministry of the Interior:
On the morning of February 25, 2026, a violating speedboat was detected within Cuban territorial waters. The vessel, registered in Florida, United States, with registration number FL7726SH, approached up to 1 nautical mile northeast of the… pic.twitter.com/AEmwtAZ4lO
— Cuban Embassy in US (@EmbaCubaUS) February 25, 2026
მათი თქმით, ჯგუფი იყენებდა ავტომატურ იარაღს, პისტოლეტებს, ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებს“, ოპტიკურ სამიზნეებსა და შენიღბვის ფორმებს. დაღუპულთა შორის ამოცნობილია მიშელ ორტეგა კაზანოვა; დანარჩენების იდენტიფიცირება გრძელდება. ამასთან, ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია დანიელ ერნანდეს სანტოსი, რომელიც, კუბის მხარის განცხადებით, ამერიკიდან იყო გაგზავნილი შეიარაღებული აგენტების გადასამზადებლად.
ვაშინგტონი წინასწარი დასკვნებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
კარიბის აუზის ქვეყნებში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ როგორც ამერიკულმა მხარემ, ისე კუბამ უნდა დაელოდონ გამოძიების საბოლოო შედეგებს. მარკო რუბიოს თქმით, ვაშინგტონი „ზომებს ვითარების შესაბამისად მიიღებს“.
„ჰავანაში ჩვენი საელჩო მუშაობს ამ საკითხზე და ვითხოვთ წვდომას ნავზე მყოფ პირებთან, რათა გავარკვიოთ, იყვნენ ისინი ამერიკის მოქალაქეები თუ მუდმივი ბინადრები. კუბის რეჟიმის განცხადებით, ბორტი ფლორიდაშია რეგისტრირებული — ამასაც ვამოწმებთ. მალე ბევრად მეტ ფაქტს შევიტყობთ ამ ინციდენტის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციის დიდი ნაწილი კუბის მხარის მიერ მოწოდებულ მასალებს ეფუძნება, რასაც დამოუკიდებლად გადავამოწმებთ. მხოლოდ დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ ვიქნებით მზად, ვიმოქმედოთ. არ ვაპირებ წინასწარი ვარაუდების გაკეთებას და იმის თქმას, რაც ჯერ არ ვიცი.
მსგავსი ინციდენტების დროს პირველადი ინფორმაცია, როგორც წესი, არასრული და დაუზუსტებელია. მოგვიანებით დავუკავშირდი კუბის სასაზღვრო უწყებას და დავიწყეთ დამოუკიდებელი გამოძიება. აშშ-ის სხვადასხვა უწყება ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც ამ დროისთვის გვაქვს. ვიცი, რომ სასაზღვრო დაცვა შემთხვევის ადგილზე გაემართა.
შესაძლო ვერსია ბევრია. მეტს არაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ღია ზღვაში მსგავსი ცეცხლის გახსნა საკმაოდ უჩვეულოა — ეს ყოველდღიურად არ ხდება. სიმართლე გითხრათ, კუბასთან მსგავსი შემთხვევა დიდი ხანია არ გვქონია. ყველაფერს გავარკვევთ და დასკვნებს მხოლოდ ერთი მხარის ინფორმაციით არ გამოვიტანთ“, — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
კუბასა და აშშ-ს შორის წლებია არსებობს დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები, რაც, პირველ რიგში, კუნძულოვან სახელმწიფოზე დაწესებულ ემბარგოში გამოიხატება.
ბოლო თითქმის ორი თვეა, ჰავანის კომუნისტური მმართველობა ვაშინგტონს ენერგობლოკადაშიც ადანაშაულებს, რაც, მათი თქმით, ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და ტოვებს მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სასურსათო რესურსების გარეშე. თუმცა თეთრი სახლის განცხადებით, კუბელი ხალხი პრობლემის მიზეზს არა აშშ-ში, არამედ საკუთარ ხელისუფლებაში უნდა ეძებდეს.

„კუბას სჭირდება რადიკალური ცვლილებები — ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესების ერთადერთი შანსი. 2021 წლის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 15%-მა დატოვა კუბა. ეს არის უმოქმედო სისტემა, რომელიც ინგრევა, და ამიტომ საფუძვლიანი რეფორმებია საჭირო.
თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ, რაც ეკონომიკურ შესაძლებლობებს და საბოლოოდ პოლიტიკურ თავისუფლებას გახსნის ადგილობრივებისთვის, ამერიკა მოხარული იქნება თანამშრომლობისთვის — ეს ურთიერთსასარგებლო იქნება.
თუ გადაწყვეტენ გაჯიუტებას და იმავე გზით სვლას, წარუმატებლობას შეეჯახებიან, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა დაიტანჯება — პასუხისმგებლობა კი რეჟიმს დაეკისრება.
კუბელმა ხალხმა უნდა იცოდეს ერთი რამ: თუ ისინი შიმშილობენ და იტანჯებიან, ეს არ ხდება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ მზად დასახმარებლად — პირიქით. პრობლემა მათი კომუნისტური პარტიაა, რომელიც დახმარების გზაზე წინაღობას წარმოადგენს.
თუ ისინი ამ გზას შეცვლიან, სიამოვნებით ვითანამშრომლებთ კუბელებთან, რათა მათ შეძლონ ოჯახების გამოკვება და ეკონომიკის გაძლიერება. ჩვენ კი არა, მათი ხელისუფლება წარმოადგენს მთავარ წინაღობას“, — განაცხადა მარკო რუბიომ.
სანქციებისა და ტარიფების დაწესების შესახებ დონალდ ტრამპის არაერთი მუქარის მიუხედავად, კუბისთვის ნავთობის მიწოდებას მექსიკა ცდილობს. ამასთან, ლათინურამერიკულმა სახელმწიფომ ჰავანას ორი გემით ჰუმანიტარული დახმარებაც გაუგზავნა.
ვაშინგტონი კუბის კომუნისტურ ხელისუფლებას ზეწოლის გზით მოუწოდებს, „ვიდრე გვიანი არ არის“, დაჯდეს დიპლომატიურ მაგიდასთან.

