„მზად ვარ, კანცლერთან ერთად გავაგრძელო მუშაობა და ჩინეთ–გერმანიის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ“, – თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას.
ფრიდრიხ მერცი პეკინს თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველად სტუმრობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იგი ჩინეთში ორ დღეს გაატარებს.
გერმანიის კანცლერთან შეხვედრაზე სი ძინპინმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დიდი ცვლილებების პროცესშია, და გამოთქვა იმედი, რომ ორი ქვეყანა „ჩინეთ–გერმანიის ურთიერთობების სტაბილურობისა და სიცოცხლისუნარიანობის გამოყენებას ჩინეთ–ევროპის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“ შეძლებს.
მანვე თქვა, რომ ბერლინთან ურთიერთობას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და რომ მჭიდრო კომუნიკაციას, რომელიც გერმანიის ლიდერებთან აქამდე ჰქონდა, ახლა ფრიდრიხ მერცთან გააგრძელებს.
„რაც უფრო ტურბულენტური და კომპლექსური ხდება მსოფლიო, მით უფრო აუცილებელია, რომ ჩინეთმა და გერმანიამ სტრატეგიული კომუნიკაცია გააძლიერონ და სტრატეგიული ნდობა გაზარდონ. ჩინეთ–გერმანიის ურთიერთობების სტაბილურობითა და სიცოცხლისუნარიანობით ჩინეთ–ევროპის თანამშრომლობა უნდა წავახალისოთ და წვლილი შევტანოთ ტურბულენტური მსოფლიოს სტაბილურობაში.
მე ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი ჩინეთ–გერმანიის ურთიერთობებს. არაერთხელ ვეწვიე გერმანიას და გერმანიის ლიდერებთან მჭიდრო კომუნიკაციას ვინარჩუნებდი.
მზად ვარ, კანცლერთან ერთად გავაგრძელო მუშაობა და ჩინეთ–გერმანიის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ“, – განაცხადა სი ძინპინმა.
ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობზე ფრიდრიხ მერცმაც ისაუბრა. თუმცა, გერმანიის კანცლერმა ჩინეთის პრეზიდენტთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას ხაზი ორ ქვეყანას შორის უფრო სამართლიანი სავაჭრო წესების აუცილებლობასაც გაუსვა.
„ჩვენ მსოფლიოს სამ უმსხვილეს ინდუსტრიულ ქვეყანას შორის ორი ვართ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა და თქვა ისიც, რომ ეს დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი შესაძლებლობაც არის.
„დღეს უკვე აღვნიშნეთ, რომ გვინდა გავაღრმავოთ ჩვენი ქვეყნების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, გვინდა განვაგრძოთ განვითარება ურთიერთპატივისცემისა და ღია დიალოგის საფუძველზე, გვინდა გამოვკვეთოთ ის, რაც გვაერთიანებს, და ერთად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ჩვენ მსოფლიოს სამ უმსხვილეს ინდუსტრიულ ქვეყანას შორის ორი ვართ – ეს დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავე დროს დიდი შესაძლებლობაც არის.
თქვენი ქვეყანა ათასწლეულებია გამოცდილი საერთაშორისო სავაჭრო სახელმწიფოა, ამიტომაც კარგად იცით, რომ მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკებისთვის უმჯობესია მჭიდროდ ითანამშრომლონ, რათა სარგებელი მიიღონ. მსურს, საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში ეს თანამშრომლობა მიმდინარე გამოწვევების გათვალისწინებით გავაგრძელოთ. არსებობს საკითხები, რომლებიც ერთმანეთთან უნდა განვიხილოთ; არის გამოწვევები, რომლებზეც დღესაც უნდა ვისაუბროთ, თუმცა ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ვმუშაობთ, ძალიან კარგია, და ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობდით“, – განაცხადა ფრიდრიხ მერმა.
ვიზიტამდე მერცმა აღნიშნა, რომ გერმანიის პოლიტიკა ჩინეთთან დაკავშირებით ევროპულ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს და თქვა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ მისი ვიზიტი ემანუელ მაკრონისა და კირ სტარმერის ვიზიტებს მოჰყვება, და ასევე, წინ უსწრებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაგეგმილ ვიზიტს აპრილის დასაწყისში.
ფრიდრიხ მერცი, რომელიც გასული წლის მაისში გერმანიის კანცლერის პოსტის დაკავების შემდეგ ჩინეთში პირველად ჩავიდა, აქტიურად უჭერს მხარს უფრო ძლიერი ევროპის ჩამოყალიბებას – როგორც ეკონომიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით – რათა ევროპამ ახალ მსოფლიო წესრიგში თავის დამკვიდრება შეძლოს.

