„მშვიდობის დამყარებას ყველგან შევეცდები, სადაც ეს შესაძლებელია, თუმცა ამერიკის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებთან დაპირისპირებაში არასოდეს შევყოვნდები“, — განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვისას.
დონალდ ტრამპმა მშვიდობის სურვილზეც ისაუბრა, თუმცა ამავე დროს ომითაც დაიმუქრა და კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ირანთან მიმართებით მისი პირველი არჩევანი დიპლომატია და მოლაპარაკებებია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებაზეც არ დაიხევს უკან.
მისივე თქმით, თეირანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან გარიგება სურს, თუმცა ჯერ „ჯადოსნური სიტყვები“ არ უთქვამს. ეს სიტყვები კი ასე ჟღერს: „ჩვენ ბირთვული იარაღი არასოდეს გვექნება.“
ვიდრე ირანზე ისაუბრებდა, პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ უკვე მეცხრე თვეა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის მუშაობს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში ეს ომი არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებოდა.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამ საშინელი ომის დასასრულებლად — მკვლელობისა და ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად რუსეთსა და უკრაინას შორის, სადაც ყოველ თვე 25 000 ჯარისკაცი იღუპება. დაფიქრდით — თვეში 25 000 ჯარისკაცი იღუპება. ეს არის ომი, რომელიც არ დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. არასოდეს დაიწყებოდა. როგორც პრეზიდენტი, ყველგან დავამკვიდრებ მშვიდობას, სადაც ეს შესაძლებელია, თუმცა არასოდეს შევყოვნდები ამერიკის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებთან დაპირისპირებაში, სადაც ამის აუცილებლობა იქნება.
სწორედ ამიტომ, გასული წლის ივნისში განხორციელებული ძალიან წარმატებული ოპერაციის ფარგლებში, შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანის ტერიტორიაზე ჩატარებული იერიშით, რომელიც „შუაღამის უროს“ სახელით არის ცნობილი, მათი ბირთვული პროგრამა გაანადგურეს.
ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების პოლიტიკა იყო, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასოდეს უნდა ჰქონოდა. მას შემდეგ, რაც 47 წლის წინ მათ ამაყ ქვეყანაზე კონტროლი მოიპოვეს, რეჟიმმა და მისმა მარიონეტებმა მხოლოდ ტერორიზმი, სიკვდილი და სიძულვილი გაავრცელეს. მათ ე.წ. გზისპირა ბომბებით ათასობით ამერიკელი სამხედრო და ასობით ათასი, მილიონობით ადამიანი მოკლეს და დაასახიჩრეს. ისინი გზისპირა ბომბების „მეფეები“ იყვნენ. ჩვენ ყასემ სოლეიმანი გავანადგურეთ — ეს ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მოხდა და ამას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. სწორედ ის იყო გზისპირა ბომბების „მამა“.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში, საპროტესტო გამოსვლების დროს, მათ, როგორც ჩანს, სულ მცირე 32 000 დემონსტრანტი მოკლეს — საკუთარ ქვეყანაში. მათ ესროლეს და ჩამოახრჩვეს ისინი. სერიოზული ძალის გამოყენების მუქარით ბევრი მათგანის ჩამოხრჩობა შევაჩერეთ. საშინელი ადამიანები არიან.
მათ უკვე შეიმუშავეს რაკეტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ევროპას და ჩვენს ბაზებს საზღვარგარეთ, და მუშაობენ ისეთ რაკეტებზე, რომლებიც მალე შეერთებული შტატების ტერიტორიამდეც მიაღწევს. „შუაღამის უროს“ შემდეგ მათ მიიღეს გაფრთხილება, აღარ ეცადათ თავიანთი პროგრამის აღდგენა, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის მიმართულებით, თუმცა ისინი ყველაფერს თავიდან იწყებენ. ჩვენ ეს პროგრამა გავანადგურეთ, მათ კი კვლავ დაწყება სურთ და ამ მომენტშიც თავიანთ ბოროტ ამბიციებს მისდევენ.
ჩვენ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. მათ სურთ შეთანხმების დადება, მაგრამ ჯერ არ გვსმენია საიდუმლო სიტყვები: „ჩვენ არასოდეს გვექნება ბირთვული იარაღი.“
ჩემი არჩევანი ამ პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებაა. თუმცა ერთი რამ ცხადია: მე არასოდეს დავუშვებ, რომ მსოფლიოში ტერორის მთავარ მხარდამჭერებს, რაც ნამდვილად არიან, ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ეს არ მოხდება“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, ირანის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და პირობას დებენ, იარაღს არ შექმნიან.
მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდამდე ორიოდე დღით ადრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა,აბას არაღჩი ეს კიდევ ერთხელ გაიმეორა. „ირანი ბირთვულ იარაღს არავითარ შემთხვევაში და არასოდეს შექმნის“, — დაწერა მან პლატფორმა X-ზე.
კონგრესში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ახალ ლიდერთან, დელსი როდრიგესთან, რომელიც ნიკოლას მადუროს მმართველობის პირობებში ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს.
„იანვარში ელიტურმა ამერიკელმა სამხედროებმა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და შთამბეჭდავი სამხედრო ოპერაცია განახორციელეს. ასეთი რამ არავის უნახავს. უცხოელმა ლიდერებმა — არ გეტყვით ვინ — დამირეკეს და მითხრეს: ძალიან შთამბეჭდავი, ძალიან კარგი იყო. ისინი ვერ იჯერებდნენ. ყველამ ნახა, რაც მოხდა.
ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა მათი თავდაცვა გაარღვიეს და არა მხოლოდ მტერი დაამარცხეს, არამედ უკანონო დიქტატორის, ნიკოლას მადუროს, მმართველობა დაასრულეს და იგი ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე წარადგინეს. ეს აბსოლუტურად კოლოსალური გამარჯვება იყო შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის და ვენესუელის ხალხისთვისაც ახალი, ნათელი დასაწყისი გახსნა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ვენესუელის ახალ პრეზიდენტთან, დელსი როდრიგესთან, რათა გზა გავუხსნათ ჩვენი ქვეყნებისთვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ სარგებელს და ახალი იმედი მივცეთ მათ, ვინც ასე ძალიან იტანჯებოდა“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ოპერაცია, რომლის შედეგადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავა, იანვრის დასაწყისში ჩატარდა.

