ოფიციალაური პირების განცხადებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, მინას-ჟერაისის შტატში, წყალდიდობის შედეგად 25 პირი დაიღუპა, ათეულობით მოქალაქე კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
კოკისპირული წვიმები 23 თებერვალს დაიწყო რიო-დე-ჟანეიროდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 310 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჟუის-დი-ფორასა და უბაში, რის გამოც დაახლოებით 440 მცხოვრების ევაკუაცია გახდა აუცილებელი.
მინას-ჟერაისის სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ ისინი 23 თებერვალს დაკარგულ 43 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
„ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ დაშავებულთა და დაზარალებულთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. რადგან ძალიან საყურადღებო ოპერაციაა და სტიქიის მასშტაბებიც საკმაოდ დიდია.” – ამბობს, რომ სახანძრო სამსახურის სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ხელმძღვანელი,მაიორი დემეტრიუს ბასტოს გულარტი.
ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, თავი აარიდონ იმ ტერიტორიებს, სადაც შესაძლოა მეწყრული პროცესები განვითარდეს.
ბრაზილიის სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, ჟუის-დი-ფორის მოსახლეობა 560 000-ს შეადგენს, მეზობელ უბასი კი – 107 000-ს.
„სამწუხაროდ, ჟუის-დი-ფორაში ადრეც მომხდარა მსგავსი ტრაგედიები, მაგრამ არა ამ მასშტაბის. ეს ყველაფერი გარემოს უკონტროლო განადგურების ანარეკლია, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით. ჯერ ჩნდება რისხვა – ამ სისტემის მიმართ – და შემდეგ ადამიანებში იბადება იმედი. უბრალოდ შეხედეთ, რამდენი ადამიანია აქ გაერთიანებული ხალხის დასახმარებლად.” აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი, ბრუნო პერეირა დოს სანტოსი.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შესაბამისი სამსახურები და უსაფრთხოების ძალები მუშაობენ წვიმების შედეგად დაზარალებულთა გადასარჩენად და გადაუდებელი დახმარების გასაწევად.
ბრაზილიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის განცხადებით, რეგიონში, რომელიც ბორცვებთან, ხეობებთან და ფერდობებთან ახლოს მდებარეობს, კიდევ უფრო მეტი ნალექია მოსალოდნელი.
ჟუის-დი-ფორის მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქში თებერვალში მოსალოდნელზე ორჯერ მეტი ნალექი მოვიდა.
მერმა მარგარიდა სალომანმა განაცხადა, რომ ქალაქში მეწყრული პროცესის გააქტიურების 20-ამდე შემთხვევა გამოვლინდა.

