„ევროპაში ჭეშმარიტი მშვიდობა უკრაინაში მშვიდობის დამყარების გარეშე შეუძლებელია“ — ასეთი იყო დასავლელი ლიდერების მთავარი გზავნილი 24 თებერვალს — დღეს, როდესაც უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ წარმოებული განგრძობადი სრულმასშტაბიანი აგრესიის მეოთხე წლისთავს იხსენებს.
ლიდერთა ნაწილი კიევში ჩავიდა, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა საერთო ევროპული მზაობა — ყველა შესაძლო გზით დაეხმაროს უკრაინას კრემლის პოლიტიკასთან გამკლავებაში, პირველ რიგში კი საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით. ღონისძიებას, სადაც პატივი მიაგეს რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას, დაესწრნენ ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს ხელმძღვანელები — ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, ასევე დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი.
ევროპელი ლიდერების განცხადებით, კრემლის სამხედრო აგრესიის მასშტაბის მიუხედავად, ვლადიმერ პუტინმა 2022 წელს დასახულ ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია — ვერც პოლიტიკური და ვერც სამხედრო თვალსაზრისით.
მათი შეფასებით, უკრაინაში ომმა მოსკოვი საერთაშორისო დიპლომატიურ იზოლაციაში მოაქცია, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მის ეკონომიკას, გააძლიერა რეპრესიული მექანიზმები ქვეყნის შიგნით, ხოლო შვედეთისა და ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებამ გაზარდა ნატოს საზღვრის სიგრძე რუსეთთან.
„უკრაინა არის ჩუმი გმირების ქვეყანა, სადაც ომის ტვირთს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ასევე ჯარისკაცები ატარებენ. აუცილებელია, რომ უკრაინამ განაგრძოს საჭირო სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების მიღება.
დახმარების დაპირება ომს არ ამთავრებს. უკრაინას საბრძოლო მასალა დღეს და ყოველდღე სჭირდება, სანამ სისხლისღვრა არ შეწყდება. უკრაინა აგრძელებს რუსეთის აგრესიის შეჩერებას. პუტინის განცხადებების მიუხედავად, რუსეთმა ვერ შეძლო ბრძოლის ველზე საკუთარი ამბიციების რეალიზება. პუტინმა უნდა აჩვენოს, სერიოზულად უყურებს თუ არა მშვიდობას. პრეზიდენტმა ტრამპმა თავიდანვე ნათლად განაცხადა, რომ მას ომის დასრულება დაუყოვნებლივ სურს. უკრაინელი ხალხი იმსახურებს სამართლიან და მდგრად მშვიდობას. მისი უსაფრთხოება ჩვენს უსაფრთხოებას ნიშნავს.
ევროპაში ჭეშმარიტი მშვიდობა ვერ იარსებებს უკრაინაში მტკიცე მშვიდობის გარეშე. მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ბნელ დღეებშიც კი უინსტონ ჩერჩილმა თქვა: „ჩვენი თვისებები და ქმედებები შუქურასავით უნდა ანათებდეს ევროპის სიბნელეში.“ თავისუფლების ალი უკრაინაში ცოცხალია. ეს ალი კვლავაც იწვის და ბრწყინავს…“ — განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, რომელმაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებულ სპეციალურ ღონისძიებას უმასპინძლა.
ომის მეოთხე წლისთავზე კიევში გაიმართა „მსურველთა კოალიციის“ მორიგი შეხვედრა, რომელსაც ვიდეოჩართვით დაესწრნენ საფრანგეთის პრეზიდენტი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და გერმანიის კანცლერი.
მათი თქმით, სასტიკი ომის ერთადერთი დამნაშავე ვლადიმერ პუტინია და სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა როგორც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის დიდი მსხვერპლისთვის, ისე რუსულ საოკუპაციო არმიაში დანაკარგებისთვის.
„ჩვენ დიდი ძალისხმევით უნდა ვიმუშაოთ სანქციების მე-20 პაკეტზე და ყურადღებით ვადევნოთ თვალი იმას, რას აკეთებს ამერიკა და რას ვაკეთებთ ჩვენ. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი „ჩრდილოვანი ფლოტის“ მნიშვნელობას. ცოტა ხნის წინ რამდენიმე ძალიან წარმატებული ოპერაცია გვქონდა, მათ შორის — გასულ შაბათს დანიაში.
მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები გადადგან, რადგან ცხადია, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ ოპერაციების ჩაშლა ძალიან ეფექტიანია. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ვოლოდიმირ, და ყველა ჩვენს კოლეგას, ვინც თქვენთან ერთად იმყოფება კიევში, და დაგარწმუნოთ, რომ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მეხუთე წელსაც…“ — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
ევროპელი ლიდერები მკაფიოდ უსვამენ ხაზს, რომ უკრაინაში მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია აშშ-ის ძალისხმევა, თუმცა, მათი თქმით, საერთო კონსენსუსი პირველ რიგში ევროპულ კონტინენტზე უნდა ჩამოყალიბდეს, რადგან ომი სწორედ მისი უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს.
„ოთხი წლის წინ, როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო, ვარაუდობდნენ, რომ პუტინის მიერ მთელი უკრაინის დაპყრობა რამდენიმე კვირის საქმე იქნებოდა. ბევრს ასე სჯეროდა. ოთხი წლის შემდეგ უკრაინელები კვლავ იბრძვიან ამ აგრესიის წინააღმდეგ. ისინი მედგრად დგანან ფრონტის ხაზზე, სადაც გარემოებები უკიდურესად რთულია, და ასევე მედგრად აგრძელებენ სამოქალაქო ცხოვრებას — ყოველდღე დგებიან და სამსახურში მიდიან, როგორც გამძლეობისა და დაუმორჩილებლობის ნიშნად.
უნდა დავამარცხოთ ნარატივი, თითქოს რუსეთი იმარჯვებს, რადგან მხოლოდ გასულ წელს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 0,8% დაიკავა — საშინელი დანაკარგების ფასად, დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის დაკარგვით.
ნათლად უნდა ითქვას, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მთავარი ბარიერი სწორედ პუტინია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოავლინა მზაობა და აიღო ინიციატივა, თუმცა სწორედ პუტინი აფერხებს ამ პროცესს. ამიტომ ჩვენ უნდა გავაორმაგოთ უკრაინის მხარდაჭერა.
ეს ნიშნავს შესაძლებლობებს, რესურსებს და მეტ სანქციებს. დღეს მოხარული ვარ, რომ ვაცხადებთ 2022 წლის შემდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს, რომლის სამიზნეა 300 რუსული ენერგეტიკული კომპანია“, — განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.
სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავის მოახლოებასთან ერთად, კიევის ევროპელ მოკავშირეებს შორის არსებობდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა რუსეთის სამხედრო მოქმედებების დასრულების გზებთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვზე ზეწოლის აუცილებლობაზე საერთო თანხმობა არსებობს, ნაწილი არ ეთანხმება ამ ეტაპზე რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირ მოლაპარაკებებს. დიალოგის ამ ფორმატის მომხრეთა შორის არის პარიზი, რომელსაც მიმდინარე წლის თებერვალში უკვე ჰქონდა კომუნიკაცია კრემლთან.

