მთავარიმსოფლიოაშშ-ში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამსახურებრივი მოვალეობის არაკეთილსიდისიერად შესრულების ბრალდებით დაკავებული პიტერ მენდელსონი – დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში – დაკავებიდან რამდენიმე საათში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ყოფილი დიპლომატის ბრალდება მის ურთიერთობას უკავშირდება ამერიკელ ფინანსისტთან, პროსტიტუციის ორგანიზებასა და მასში არასრულწლოვანთა ჩართვაში ბრალდებულ ჯეფრი ეპშტეინთან.

ლონდონის პოლიციამ სამშაბათს, დილის 2 საათზე განაცხადა, რომ „72 წლის მამაკაცი, რომელიც საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულის ეჭვზე დააკავეს“, თავისუფალია. თუმცა გამოძება გრძელდება.

ბრიტანული პოლიციის პრაქტიკის შესაბამისად, განცხადებაში მამაკაცის სახელი ნახსენები არ ყოფილა, თუმცა ორშაბათს ლონდონში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ აცილებენ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული ოფიცრები ყოფილ დიპლომატს საკუთარი სახლიდან ავტომობილამდე.

თავდაპირველი განცხადების გავრცელებამდე, რომლის თანახმადაც, პოლიციამ 72 წლის მამაკაცი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით დააკავა, სამართალდამცველებმა მენდელსონის მფლობელობაში არსებული რამდენიმე ქონება გაჩხრიკეს.

ამას სულ რამდენიმე დღით წინ უძღოდა გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცის, ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორის დაკავება – ასევე ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ბრალდებით.

როგორც ყოფილ პინცს, ისე ყოფილ დიპლომატს, ეჭვმიტანილად საჯარო თანამდებობაზე ყოფნისას ეპშტეინისთვის კონფიცენციალური მასალების მიწოდებაში მიიჩნევენ.

პოლიციამ მენდელსონის წინააღმდეგ გამოძიება ამ თვის დასაწყისში დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეფშტეინთან დაკავშირებული დოკუმენტების 3 მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა. ამ მასალებში მენდელსონის ეფშტეინთან ურთიერთობის შესახებ ახალი დეტალები გამოჩნდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მენდელსონი 2024 წლის დეკემბერში დანიშნა ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ თანამდებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა – მენდელსონს ეპშტეინთან კონტაქტი მას შემდეგაც ჰქონდა, რაც 2008 წელს ფინანსისტი პროსტიტუციასთან დაკავშირებულ ორ საქმეში დამნაშავედ ცნეს. ამ საქმეებში საკუთარი ბრალეულობა თავად ეპშტეინმაც აღიარა.

სტარმერმა მენდელსონი თანამდებობიდან 2025 წლის სექტემბერში, მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც დიპლომატის ეპშტეინთან მეგობრობის შესახებ ძველი დეტალები გახმაურდა.

იანვარში გამოქვეყნებულმა ფაილებმა მენდელსონი კიდევ უფრო დააზიანა – მისი კავშირები ეპშტეინთან კიდევ უფრო გამოიკვეთა. გამოჩნდა ისიც, რომ ეპშტეინმა მენდელსონს „საუკეთესო მეგობარიც“ უწოდა.

მიმდინარე თვეში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, ეპშტეინის მსხვერპლებს მენდელსონის დანიშვნის გამო ბოდიში მოუხადა და ყოფილი დიპლომატი იმაში დაადანაშაულა, რომ მან ვაშინგტონსში ელჩად დანიშვნამდე ფინანსისტთან ურთიერთობის შესახებ იცრუა.

„ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რაც თქვენ დაგემართათ. ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენმა გავლენიანმა ადამიანმა ვერ დაგიცვათ. ბოდიშს ვიხდი, რომ მენდელსონის ტყუილი დავიჯერე და იგი თანამდებობაზედავნიშნე“, – გამაცხადა კირ სტარმერმა.

გავრცელებული მიმოწერა მიუთითებს, რომ 2009 წელს, როდესაც მენდელსონი ბრიტანეთის მთავრობის მინისტრი იყო, მან ეპსტეინს სახელმწიფო ინფორმაცია გადასცა.

ეს ინფორმაცია მოიცავდა შიდა სამთავრობო ანგარიშისაც იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო დიდ ბრიტანეთს 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ დამატებითი სახსრების მოძიება, მათ შორის სახელმწიფო აქტივების გაყიდვის გზით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend