ირანში საპროტესტო აქციები უკვე მესამე დღეა გრძელდება. რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები ისევ ქუჩაში გამოდიან და მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ისმის ანტისამთავრობო ლოზუნგები.
ირანში ახალი საპროტესტო ტალღა 21 თებერვალს დაიწყო. სტუდენტები თეირანსა და სხვა ქალაქებში შეიკრიბნენ იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც დაახლოებით ექვსი კვირის წინ გამართულ მასობრივ დემონსტრაციებზე ხელისუფლების ძალადობას ემსხვერპლნენ.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შაბათ-კვირას საპროტესტო აქციები თეირანის ხუთ უნივერსიტეტსა და ქალაქ მაშჰადში მდებარე ერთ უნივერსიტეტში გაიმართა.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, იანვრის საპროტესტო აქციებისა და მათი ძალადობრივი ჩახშობის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა 7 015 -ს აჭარბებს. მათ შორის 214 სამთავრობო ძალების წარმომადგენელია.
ირანის ხელისუფლებამ იანვარში მხოლოდ ერთხელ გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები და განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 3 117-ს შეადგენდა.
დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება, რადგან ირანში ინტერნეტი და საერთაშორისო სატელეფონო კავშირი პერიოდულად იბლოკება.
პარალელურად იზრდება დაძაბულობა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის. ვაშინგტონმა, რომელიც თეირანზე ზეწოლას აძლიერებს, ახლო აღმოსავლეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო კონტინგენტი განათავსა.
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 26 თებერვალს ჟენევაში გაიმართება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იგი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან, შეხვედრას ელოდება.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო იერიშს მიიტანს. ირანის მხარე კი აცხადებს, რომ ბირთვულ შეთანხმებაზე სამუშაო დოკუმენტი შესაძლოა უახლოეს დღეებში მზად იყოს. თეირანი ამტკიცებს, რომ მას ურანის გამდიდრების უფლება აქვს. მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში ორივე მხარე ღიად საუბრობს მოსალოდნელ სამხედრო ესკალაციაზე.

