მთავარიევროპასაფრანგეთირუსული აგრესიის შესაკავებლად ევროპელი მოკავშირეები კიევის უპირობო მხარდაჭერაზე საუბრობენ

რუსული აგრესიის შესაკავებლად ევროპელი მოკავშირეები კიევის უპირობო მხარდაჭერაზე საუბრობენ

ელისეის სასახლეში ფინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების გამართული შეხვედრა ტრადიციულად უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი ომის განხილვას და რუსული აგრესიის შეჩერების მექანიზმებს დაეთმო.

სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოსკოვის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 4 წლისთავზე, კიევის ევროპელი მოკავშირეები დებენ პირობას, რომ არ დატოვებენ უკრაინას მარტო აგრესორის პირისპირ და არ შეწყვეტენ მის მხარდაჭერას, მიუხედავად ევროკავშირის ორ სახელმწიფოსთან, უნგრეთსა და სლოვაკეთთან უთანხმოებისა.

ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინისადმი მხარდაჭერის ნება ურყევია და მნიშვნელოვანია საერთო ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ კვლავ მივისწრაფვით უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობით პაკეტის შესრულებისკენ. აქედან 60 მილიარდი ევრო მიმართული იქნება სამხრედრო ტექნიკის მიწოდებასა და ჩვენი თავდაცვითი ბაზის გაძლიერებაზე. ამასთან, უპირატესობა მიენიჭება უკრაინულ და ევროპულ წარმოებას.

ჩემი მხრივ, იმედიანად ვარ განწყობილი, როდესაც ვამბობ, რომ სრულყოფილად ვარ მზად, რადგან ვიცი, ევროპის საბჭოს ბოლო სხდომაზე აღებული პოლიტიკური ვალდებულებები და გაცემული დაპირებები შესრულებული იქნება. სხვაგვარად ვერ იქნება. მეორე მხრივ, გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე.

უნდა მივაღწიოთ პროგრესს ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის გზაზე და ამას უახლოეს დღეებში განვიხილავთ. უნდა ვიმუშაოთ, რათა სრულად ავკრძალოთ საზღვაო გადაზიდვები, რუსული ნავთობის ექსპორტის შესაჩერებლად, გავააქტიუროთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ე.წ. „რუსული ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის შეხედულებებს იზიარებს მისი ფინელი კოლეგაც. ალექსანდრ სტუბის თქმით, მოსკოვის ოთხწლიანმა სამხედრო აგრესიამ მისი სტრატეგიული კრახი ნათლად აჩვენა.

მანვე დასძინა, რომ ეს პირადად ვლადიმერ პუტინის წარუმატებლობა და პასუხისმგებლობაა, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა 2022 წელს დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია, მათ შორის ვერც საკუთარ საზღვრებთან ნატოს გაფართოების შეკავება.

„ჩემი აზრით, პუტინი ვერც იგებს ამ ომს და ვერც სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლია. ვფიქრობ, მისთვის ეს არის სტრატეგიული კრახი. მას სურდა, რომ უკრაინა რუსეთის საკუთრება გამხდარიყო, მაგრამ ის ევროპული ხდება.

მეორე მხრივ, მას არ სურდა ნატოს გაფართოება, ბლოკში კი ფინეთი და შვედეთი მიიღეს. ამასთან, მას სურდა თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება, ახლა კი ის 5%-ს შეადგენს.

ასე რომ, ეს პუტინისთვის ნამდვილად სტრატეგიული კრახია, ისევე როგორც სამხედრო კრახი. ის კარგავს ბევრ ჯარისკაცს, რაც ეკონომიკასაც ანგრევს.

ამიტომ, ჩემი აზრით, უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით და გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა.

ევროპელ პარტნიორებს კონსოლიდაციისა და უკრაინის მტკიცე და უპირობო მხარდაჭერისკენ მოუწოდებს გერმანიის კანცლერიც. ფრიდრიხ მერცისთვის ეს ნაბიჯი ევროპული კონტინენტის გადარჩენის ერთადერთ შესაძლებლობად არის აღქმული.

„ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი ვეღარ დაინახავს მისი გაგრძელების აზრს, როდესაც რუსეთი ვეღარ შეძლებს, გათვლა გააკეთოს ტერიტორიულ მონაგარზე და როდესაც ამ სიგიჟის ფასი რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდება.

ამიტომ, კვლავ მივმართავ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს: არ შეამციროთ ჩვენი საერთო მხარდაჭერა უკრაინისადმი. ჩვენ ვდგავართ გზაჯვარედინზე, რომელსაც შეუძლია, გადაწყვიტოს მთელი ჩვენი კონტინენტის ბედი“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

მოსკოვის მოკავშირეებად მიჩნეული ევროკავშირის სახელმწიფოების, უნგრეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლებები ეწინააღმდეგებიან უკრაინისთვის ნებისმიერი სახის დახმარებას, მითუმეტეს სამხედრო თვალსაზრისით.

ევრობლოკის პოლიტიკის შესაბამისად კი, როდესაც საჭიროა თანხმობა ფინანსური დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, ერთი წევრი სახელმწიფოს უარმაც კი, შესაძლოა, უბრალო სიტყვებად აქციოს დანარჩენი 26 ქვეყნის თანხმობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend