ევროკავშირმა აშშ-ს მოსთხოვა, განმარტოს, თუ როგორ იმოქმედებს ვაჭრობის კუთხით მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გლობალური ტარიფები გააუქმა.
ევროკომისია ვაშინგტონს მოუწოდებს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სრულად გამჭვირვალედ იმოქმედოს. ამის შესახებ ევროკომისიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„ამჟამინდელი მდგომარეობა ხელს უშლის სამართლიან, დაბალანსებულ და ორმხრივად სასარგებლო ტრანსატლანტიკურ ვაჭრობასა და ინვესტიციების მოზიდვას, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდა და რაც 2025 წლის აგვისტოს ევროკავშირ-აშშ-ის ერთობლივ განცხადებაშია ასახული. კომისია ყოველთვის დაიცავს ევროკავშირის ინტერესებს. ევროკავშირის კომპანიებისა და ექსპორტიორებისთვის უნდა არსებობდეს სამართლიანი მიდგომები, პროგნოზები და ისინი სამართლებრივად უნდა იყვნენ დარწმუნებულები.
შეთანხმება შეთანხმებაა. როგორც შეერთებული შტატების უდიდესი სავაჭრო პარტნიორი, ევროკავშირი ელის, რომ აშშ პატივს სცემს ერთობლივ განცხადებაში გაწერილ ვალდებულებებს ისევე, როგორც ევროკავშირი ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს. კერძოდ, ევროკავშირის პროდუქტებმა უნდა გააგრძელონ ყველაზე კონკურენტული პირობებით სარგებლობა, ტარიფების ზრდის გარეშე იმ მკაფიო და ყოვლისმომცველი ზღვრის მიღმა, რომელიც ადრე დაწესდა.
ტარიფები გადასახადებებია, რომლებიც ხარჯებს ზრდის როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესისთვის. ამას ბოლოდროინდელი კვლევები ნათლად ადასტურებს. არაპროგნოზირებადი გამოყენების შემთხვევაში ტარიფები თავისთავად დესტრუქციულია, ძირს უთხრის ნდობასა და სტაბილურობას გლობალურ ბაზრებზე და ქმნის დამატებით გაურკვევლობას საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვებში“, – ნათქვამია ევროკომიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 20 თებერვალს უკანონოდ ცნო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები, რადგან, სასამართლოს აზრით, პრეზიდენტმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და მიითვისა კონგრესის ფუნქცია გადასახადების დაწესებასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას ახალი, გაზრდილი 15%-იანი ტარიფების დაწესება სურს.
შეერთებული შტატების ტარიფების პოლიტიკასთან დაკავშირებით ევროკავშირში გაურკვევლობაა. ევროპარლამენტარებს აინტერესებთ, მოქმედებს თუ არა გასულ ზაფხულს შოტლანდიაში დადებული სავაჭრო შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონლად ტრამპის პირველი ტარიფების ფონზე მიაღწიეს. ევროკავშირში ასევე განიხილავენ ამ სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების შეჩერებას. ევროკავშირის კანონმდებლების ნაწილი ევროპარლამენტს მოუწოდებს, გადადოს კენჭისყრა, რომელიც შეთანხმების კანონპროექტს შეეხება.
ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტო „ევროსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის ღირებულებამ 1.7 ტრილიონი ევრო შეადგინა, რაც საშუალოდ დღეში 4.6 მილიარდ ევროს შეადგენს.

