მთავარიაფრიკასუდანიგაერო სამხრეთ სუდანში სავარაუდო „გენოციდის ნიშნებზე“ საუბრობს

გაერო სამხრეთ სუდანში სავარაუდო „გენოციდის ნიშნებზე“ საუბრობს

გაეროს თანახმად, სამხრეთ სუდანში ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების მიერ არაარაბული თემების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციები „გენოციდის ნიშნებს“ შეიცავს.

დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის დასკვნის მიხედვით, ქალაქ ელ-ფაშერის 18-თვიანი ბლოკადის ფარგლებში სახელმწიფო ჯარის დანაყოფებთან ომში მყოფი ცალკეული ფორმირებები კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს სჩადიოდნენ, რაც მოიცავდა ეთნიკური ნიშნით ადგილობრივი მოსახლეობის მკვლელობასა და სხვა სასტიკ ქმედებებს.

ამავე დოკუმენტის თანახმად, დარფურის ოლქში შეტაკებების შედეგად რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ოფიციალური პირების თქმით, ოლქის 260 000-იანი მოსახლეობის მხოლოდ 40% გადარჩა, თუმცა მათი დიდი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ზოგიერთის ბედი კვლავ უცნობია.

გაეროს სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, სამხრეთ სუდანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები პრობლემურია იმ თვალსაზრისით, რომ კონფლიქტში მრავალი მხარე მონაწილეობს და ეს არ არის დაპირისპირება მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადებულ ხელისუფლებასა და რომელიმე კონკრეტულ დაჯგუფებას შორის.

მისივე თქმით, ერთგვარი „ჩახლართული ქსელი“ სულ უფრო ფართოვდება, რაც არსებულ ვითარებაში გარკვევას მეტად ართულებს:

„მკვლელობების მასშტაბები, სექსუალური ძალადობის სისტემატური ხასიათი, განზრახ შიმშილი და კონკრეტული ეთნიკური თემების წარმომადგენლების მიზანში ამოღება საშუალებას გვაძლევს, უფრო ფართო და საგანგაშო სამართლებრივი დასკვნა გამოვიტანოთ.

ამ დანაშაულების მასშტაბის, სისტემატური ბუნებისა და კუმულაციური ეფექტის საფუძველზე მხოლოდ ერთი შესაძლო დასკვნა არსებობს: ეს მიუთითებს გენოციდისკენ მიმავალ გზაზე“, — განაცხადა კონფლიქტის საკითხებში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მონა რიშმავმა.

სამხრეთ სუდანში არსებული მდგომარეობით შეშფოთებულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელმაც პირობა დადო, რომ სავარაუდო გენოციდის ნიშნებისა და სუდანელი ქალების ყოფის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყოს:

„ორი კვირის წინ ვესტუმრე ადრეს — სუდანისა და ჩადის საზღვარზე მდებარე უზარმაზარ ბანაკს, სადაც ძირითადად ქალები და ბავშვები ცხოვრობენ. მათ მიამბეს ნანახი საშინელებების შესახებ.

ვესაუბრე ექთნებს, მასწავლებლებს, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს — ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს ოჯახები და რომლებსაც ყველაფერი წაართვეს. მათ ასევე მომიყვნენ სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების მასშტაბების შესახებ, რაც ომის იარაღად გამოიყენება. მოვისმინე ბავშვებისა და მოზარდი გოგონების ისტორიები, რომლებიც უკიდურესად სასტიკ სექსუალურ ძალადობას განიცდიან.

ეს არის ომი, რომელიც ქალების წინააღმდეგ მიმდინარეობს…

დავპირდი ქალებს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა მსოფლიო სუდანელებს მოუსმინოს და არა მხოლოდ მათ, ვინც ამ კონფლიქტს მხარს უჭერს. დავპირდი, რომ სუდანელი ქალების ხმა გაეროს უშიშროების საბჭოზე გაჟღერდება.“

სამხრეთ სუდანში 2023 წელს ძალაუფლების მოპოვებისთვის დაწყებული პოლიტიკური ბრძოლა მალევე გადაიზარდა სამხედრო მოქმედებებში, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ქვეყანაში ისედაც არსებული კრიზისული მდგომარეობა.

ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს წვდომა სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებზე, რესურსებსა და სერვისებზე.

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ, მიუხედავად დაღუპულთა შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებისა, მსხვერპლის რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია და შესაძლოა 40 000-ს მნიშვნელოვნად აღემატებოდეს.

შეტაკებებში ჩართული „სწრაფი რეაგირების სამსახურის დაჯგუფების“ გენერალმა, მოჰამედ ხამდან დაგალომ, მანამდე აღიარა, რომ მისი მებრძოლები გავლენებს ბოროტად იყენებდნენ, თუმცა სასტიკი ქმედებების მასშტაბებს ამცირებდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:32

ომის 1457- ე დღე

spot_imgspot_img
Send this to a friend