მთავარიამერიკაარგენტინაარგენტინის პრეზიდენტის სადავო შრომითმა რეფორმამ ქვეყნის მასშტაბით პროტესტი გამოიწვია

არგენტინის პრეზიდენტის სადავო შრომითმა რეფორმამ ქვეყნის მასშტაბით პროტესტი გამოიწვია

შრომითი კანონმდებლობის მასშტაბური რეფორმა შესაძლოა არგენტინის პრეზიდენტს თანამდებობის ფასად დაუჯდეს.

ქვეყნის კონგრესის ქვედა პალატამ ხავიერ მილეის სადავო კანონპროექტის განხილვა დაიწყო, პარალელურად კი ქუჩაში ცვლილებების მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.

მათი თქმით, რეფორმა უგულებელყოფს შრომითი კანონმდებლობით დაცულ გარანტიებს, ზღუდავს გაფიცვის უფლებას, კომპანიებს თანამშრომლების გათავისუფლებას უმარტივებს, ხოლო კანონიერი სამუშაო დღის ამჟამინდელი რვა საათიდან 12 საათამდე გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლევა.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ასევე მიუთითებენ, რომ საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი დამატებული პუნქტი ითვალისწინებს შრომითი ანაზღაურების ორჯერ შემცირებას იმ პირთათვის, რომლებიც ავადმყოფობის გამო შვებულებაში იმყოფებიან.

„არ არსებობს არც ერთი ასო ან სტრიქონი, რომელიც მუშებს უპირატესობას ანიჭებს. თუკი რაიმე უპირატესობა არსებობს, ის ბიზნესსექტორს ერგება და არა მუშებს. ფრაზის — „შრომის მოდერნიზაციის“ — მიღმა იმალება არგენტინელი ხალხის ისტორიაში ყველაზე სასტიკი რეგრესი მშრომელთა უფლებების მხრივ…“ — განაცხადა არგენტინის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სერჯიო პალაცომ.

თავის მხრივ, არგენტინის მმართველი პარტია და ცვლილებების ინიციატორი პრეზიდენტი მილეი ამტკიცებენ, რომ არსებული შრომითი კანონმდებლობა მოძველებულია, გადახედვას საჭიროებს და ხელს უშლის ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას:

„პროექტი, რომელიც დღეს ამ პალატაში განვიხილეთ, გვთავაზობს ცვლილებებისა და დამატებების სერიას, რომლის ფუნდამენტური მიზანია მოქმედი შრომის კანონმდებლობის განახლება, დასაქმების ხელშეწყობა, არსებული უზუსტობების აღმოფხვრა და როგორც დამსაქმებლების, ასევე დასაქმებულების სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მკაფიო და ზუსტი რეგულაციების მეშვეობით,“ — განაცხადა არგენტინის მმართველი პარტიის დეპუტატმა, ლისანდრო ალირონმა.

საპროტესტო დემონსტრაცია მალევე შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც საპოლიციო ძალებმა მოქალაქეთა დაშლა გადაწყვიტეს და მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

პროტესტის მონაწილე პროფკავშირებმა დღის განმავლობაში საყოველთაო გაფიცვა მოაწყეს, რის შედეგადაც არგენტინის მასშტაბით რამდენიმე საათით შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საავადმყოფოების, სკოლებისა და პორტების მუშაობა. დაიხურა ბანკები და სასურსათო მაღაზიები, ავიაკომპანიებმა კი რამდენიმე რეისი გააუქმეს.

მათი თქმით, ამ ფორმით ისინი შეეცდებიან, აიძულონ ხელისუფლება დათმობებზე წავიდეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:32

ომის 1457- ე დღე

spot_imgspot_img
Send this to a friend