მექსიკის მიერ კუბისთვის გაგზავნილი საკვები უკვე მაღაზიების დახლებზე გამოჩნდა. პრიორიტეტი ენიჭებათ ოჯახებს, სადაც ბავშვები არიან.
გილერმო ბელტრანი თავად ვერ მივიდა მაღაზიაში, თუმცა ამანათი მას ჰავანის ერთ-ერთ უბანში, სახლში, მიუტანეს.
მან უფასოდ მიიღო ორი დიდი პაკეტი, რომელშიც ერთი კილოგრამი ბრინჯი, ლობიო, სამი კილოგრამი ამარანტი და ორი კილოგრამი ორცხობილა, ასევე ზეთის ერთი ბოთლი, სარდინების ორი დიდი ქილა და ატმის კონსერვი იდო. პროდუქტის ეტიკეტზე კი ეწერა: „დამზადებულია მექსიკაში“.
„ეს ჩემთვის და ჩემი ქალიშვილებისთვის უდიდესი სიხარულია. სიმართლე ისაა, რომ ურთულეს მდგომარეობაში ვიყავით. როდესაც ჩემმა კოლეგამ დამირეკა და მითხრა, რომ მივსულიყავი და მექსიკიდან ჩამოსული დახმარების პაკეტი ამეღო, ძალიან გამიხარდა. განა უკეთ ვგრძნობ თავს, უბრალოდ ძალიან მადლიერი ვარ“, – ამბობს, გილერმო ბელტრანი.
კუბის მთავრობამ განაცხადა, რომ მექსიკის დახმარება დაურიგდება მაიაბეკეს, არტემისისა და ჰავანის პროვინციებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.
პროდუქტები ნაწილდება ე.წ. ბოდეგებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საცალო მაღაზიებში, რომლებიც კუბელებს ძირითადი საქონლით ამარაგებენ. მოქალაქეები აქ პროდუქტს სპეციალური ტალონებით იღებენ.
ეს მარტოხელა მამა, რომელსაც ორი ქალიშვილი ჰყავს, იმ ასობით ადამიანს შორისაა, რომლებმაც კუნძულზე აშშ-ს მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების შემდეგ მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს. გილერმო ამბობს, რომ, როგორც კუბელების უმეტესობას, მასაც მთელი ღამე არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.
„რაც დონალდ ტრამპმა გააკეთა, აღმაშფოთებელია. მთელი ღამე არ გვქონდა ელექტროენერგია. ძლივს ჩართეს, თუმცა დილით კიდევ გათიშეს. ეს არადამიანურია, ადრე თუ გვიან ისინი დაფიქრდებიან თავიანთ საქციელზე. დედამიწაზე ხომ დროებით მოვდივართ. უკვდავი არავინ არის“, – ამბობს, გილერმო ბელტრანი.
მექსიკის საზღვაო ძალების ორი ხომალდი, რომლებსაც საკვები და ჰიგიენური პროდუქტები გადაჰქონდა, ჰავანის პორტში გასულ კვირას შევიდა. ორი კვირის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ სანქციებს დაუწესებდა ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც კუბას ნავთობს მიაწვდიდა, რამაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად გააურესა ისედაც რთული ეკონომიკური და ენერგოკრიზისი.
კუბა დიდწილად იყო დამოკიდებული ვენესუელის ნავთობზე. მიწოდება მას შემდეგ შეწყდა, რაც შეერთებულმა შტატებმა სამხრეთამერკული ქვეყნის პრეზიდენტი დააკავა.
ვინაიდან კუბა საჭირო საწვავის მხოლოდ 40%-ს აწარმოებს, ის კვლავ დაუცველია გარე ბლოკადების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერმა მოკავშირეებმა, რუსეთმა და ჩინეთმა, დაგმეს აშშ-ის ქმედებები, მათი მხარდაჭერა ძირითადად მხოლოდ სიმბოლური იყო.

