ომის 1457- ე დღე

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან თითქმის 4 წელი გავიდა. ათასობით ოჯახისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ომში დაღუპული ახლობლების გახსენება. ზოგიერთი დღემდე ელოდება მათ დაბრუნებას.

ოქსანა ოსიპენკომ მეუღლე, ოლექსანდრი, 2022 წლის ომის პირველ დღეებში დაკარგა. ოჯახი ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივში ცხოვრობდა. რუსეთის თავდასხმის დაწყების დღეს 46 წლის ოლექსანდრი ტერიტორიულ თავდაცვაში მოხალისედ ჩაეწერა,  ოქსანა კი ორ შვილთან ერთად ეკლესიის სარდაფს აფარებდა თავს. ცოტა ხანში ოჯახმა შეიტყო, რომ ის ბრძოლაში დაიღუპა. სიტუაცია არ იყო უსაფრთხო, ამიტომ ვერ შეძლეს დაკრძალვაზე დასწრება.  მოგვიანებით მათ კიევში გადაინაცვლეს.

„ხლიბის დაბადებასთან ერთად მე და ჩემმა მეუღლემ ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყეთ. ჩვენ ერთად ოცდაერთი წელი გავატარეთ. გვეგონა, რომ უკვე ყველაფერი გვქონდა გამოვლილი. თუმცა ბიჭებს შორის თხუთმეტწლიანმა ასაკობრივმა სხვაობამ ჩვენში ახალი შეგრძნებები გააღვიძა. ახალი სუნთქვა, ახალი გეგმები, ახალი დასაწყისი. ფულს ვაგროვებდით, ბინის ყიდვას ვაპირებდით. ასე დავსახეთ ჩვენი მომავალი. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას“ – იხსენებს დაღუპული უკრაინელი მებრძოლის მეუღლე ოქსანა ოსიპენკო.

ოქსანას უმცროსი შვილი, ხლიბი, ახლა ხუთი წლისაა. მან მხოლოდ მცირე პერიოდი გაატარა მამასთან. ოჯახი ცდილობს ახალი ცხოვრების დაწყებას, ბავშვს ფსიქოლოგიც ეხმარება, რომ  მამის დაკარგვას შეეგუოს.

„ყველაზე რთული იმის გაცნობიერება იყო, რომ ის აღარ დაბრუნდებოდა. მე, მაგალითად, დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვცხოვრობდი იმ განცდით, რომ შეიძლებოდა კარი გაეღო და შემოსულიყო. ხლიბი ძალიან პატარა იყო. ახლა თითქოს ნელ-ნელა იწყებს გააზრებას, რომ მამა აღარ არის. ხშირად ვიხსენებთ მას, განსაკუთრებით წლისთავზე. ამ დროს ხლიბი ტირილს იწყებს. ეს გააზრება ეტაპობრივად მოდის. ბავშვის ფსიქოლოგიც ჩავრთეთ, რომ მას ყველაფრის სიტყვიერად გადამუშავებაში დავხმარებოდით“ – იხსენებს დაღუპული უკრაინელი მებრძოლის მეუღლე ოქსანა ოსიპენკო.

ამ დღეს იხსენებენ არა მხოლოდ დაღუპულებს, არამედ უგზო-უკვლოდ დაკარგულებსა და ტყვეობაში მყოფებს. 30 წლის ლილია უკვე სამ წელზე მეტია ელოდება მეგობრის, ბოჰდანის, დაბრუნებას. აზოვის ბატალიონის) მებრძოლი 2022 წლის მაისში, მარიუპოლიის დაცვის შემდეგ, რუსეთის ტყვეობაში აღმოჩნდა.

ლილია მონაწილეობს ყოველკვირეულ აქციებში, რომლებიც კიევში ტყვე სამხედროების მხარდასაჭერად იმართება. მისი თქმით, ლოდინს მუდმივი შიში ახლავს თან, რომელიც ადამიანს ბოლომდე ფიტავს.

„ამ პერიოდმა ჩემს ცხოვრებაში დიდი ტკივილი მოიტანა. ეს არის მუდმივი შიში.  არ ვიცით, როგორ არის ჩვენი საყვარელი ადამიანი, როგორია მისი ჯანმრთელობა. ბიჭებს ტყვეობაში  არაადამიანურ პირობებში უწევთ ყოფნა. სიტუაცია კი ყოველდღიურად უარესდება “ – ამბობს დაღუპული მებრძოლის მეგობარი ლილია.

ომი კი ისევ გრძელდება. აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები მოსკოვსა და კიევს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ კონფლიქტის დასასრული ჯერჯერობით არ ჩანს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend