ევროკავშირის ერთი საოჯახო ბიზნესი იქცა კომპანიად, რომელმაც თამაშის წესები შეცვალა ისეთ რთულ ინდუსტრიაში, როგორიცაა მეტალურგია, კონკრეტულად კი ეკოლოგიური ფოლადის წარმოება – ეს არის სექტორი, სადაც კონკურენცია ძალიან მაღალია.
კომპანია Russula Group-ი, რომელიც ახლა უკვე მსოფლიო დონეზეა კონკურენციაში ჩაბმული, 130 ფოლადის ქარხანა და ინდუსტრიული ნარჩენებით დაბინძურებული წყლის გამწმენდი საწარმო დააპროექტა 35 ქვეყანაში. მათი შემდეგი დიდი მიზანი ევროპის ფოლადის სექტორია. როგორც ამ კომპანიის მენეჯერებმა გამოთვალეს, ევროკავშირი წელიწადში 10 მილიონი ტონა ფოლადის დეფიციტს განიცდის. მენეჯერები ფიქრობენ, რომ ახლა ევროპაში უკვე არის შესაბამისი ცოდნა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ეკოლოგიურად სუფთა ფოლადის წარმოების ლიდერები გახდნენ, ისეთი ფოლადის, რომლის წარმოება მომგებიანიც იქნება და მდგრადიც.
“21-ე საუკუნეში მიმდინარე ეს ხელახალი ინდუსტრიალიზაცია აბსოლუტურად მდგრადია, რადგან ის ტექნოლოგია, რომელიც ჩვენ, ევროპელებმა, ბოლო რამდენიმე წელიწადში შევქმენით, ეკომეგობრულია,“ – ამბობს ევა მანეირო, Russula Group-ის ხელმძღანელი. „საბოდიშო არაფერია და თანაც ძალიან მომგებიანია.“

სხვებს მაგალითი რომ მისცეს, ეს კომპანია მალე ცენტრალურ ესპანეთში 2 მილიონი კვადარტული მეტრი ფართობის მქონე ტერიტორიაზე საკუთარი ზეეფექტიანი სუფთა ფოლადის ქარხნის მშენებლობას იწყებს. თავდაპირველი ინვესტიცია მილიარდ 600 მილიონი ევროა. ძირითადი ნედლეული რკინის ჯართი იქნება. ქარხანა განახლებადი წყაროდან მიღებულ ელექტროენერგიას გამოიყენებს, მათ შორის ეკოლოგიური წყალბადისგან მიღებულსაც. მენეჯერები ირწმუნებიან, რომ ფოლადის ეს საწარმო სხვა ტრადიციული ფოლადის ქარხნებთან შედარებით 98%-ით ნაკლებ CO2-ს გააფრქვევს ჰაერში.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღესდღეობით მსოფლიოში სათბური აირების საერთო გამონაბოლქვის თითქმის 10% ფოლადის ინდუსტრიაზე მოდის,“ – განმარტავს ფერნანდო პესანია, Hydnum Steel-ის მთავარი სტრატეგიული ოფიცერი. „ამიტომ ვაცნობიერებთ, რომ უბრალოდ აუცილებელია გარდამავალი ეტაპის დაწყება და იმ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებსაც შეუძლიათ, მილიონობით ტონა CO2 დაზოგონ. მაგალითად, ჩვენი საწარმო CO2 ისეთი მოცულობის დაზოგვას აპირებს, რომელიც მადრიდის მსგავს ქალაქში ავტომობილების გამონაბოლქვის მოცულობის ტოლფასი იქნება. ასე რომ, უზარმაზარ მაჩვენებელზეა საუბარი და მწვანე პლატფორმაზე გადასვლა ყველაზე მნიშვნელოვანია“.

ისინი იმედოვნებენ, რომ პირველ ეტაპზე მილიონ 600 ათას ტონა ფოლადის ფურცლებს აწარმოებენ და მოცულობას თანდათან გააორმაგებენ. მენეჯერები ამბობენ, რომ, როდესაც სრულად ამოქმედდება, ქარხანა 1000 სამუშაო ადგილს შექმნის, ხოლო არაპირდაპირ კიდევ რამდენიმე ათასს კაცს დაასაქმებს.
ამ კომპანიის მენეჯერებს სჯერათ, რომ ეს ეკოლოგიური ინოვაცია იქნება ძირითადი ფაქტორი, რომელიც ევროპის ფოლადის ინდუსტრიას კონკურენტუნარიანობას მიანიჭებს.

“ისეთმა სფეროებმა, როგორებიცაა ავტოინდუსტრია, ინფრასტრუქტურა და განახლებადი ენერგიები, უკვე აიღეს დეკარბონიზაციის ვალდებულება, ამისთვის კი მათ სრული ღირებულებათა ჯაჭვი სჭირდებათ, რათა მათთვის საჭირო პროდუქციის წარმოების ყველა პროცესიც დეკარბონიზაციას მისდევდეს,“ – ამბობს დანიელ სანჩესი, Russula Group-ის მთავარი საოპერაციო ოფიცერი.ფ“ოლადი კი ძალიან მნიშვნელოვანია ამ სექტორებისთვის და, საბოლოოდ, ყველაფერი მიწოდების ჯაჭვის დეკარბონიზაციამდე დადის“.
კომპანიის პერსონალის 60% ინჟინერია. სწორედ ისინი ასრულებენ ბოლო დეატლებს ახლად აშენებულ ფოლადის ქარხანაში. ბევრი მათგანი პარალელურად სხვა პროექტებშიც მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ავტორი: ხულიან გომესი

