ელ-სალვადორის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ქვეყნის ისტორიაში ნარკოტიკებთან დაკავშირებით ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს. სამართალდამცველებმა 7 ტონამდე კოკაინი ამოიღეს.
გემზე FMS Eagle, რომელიც ლა-უნიონის პორტში შევიდა, განთავსებული იყო ასობით შეფუთული შეკვრა. ოპერაციის მასშტაბიც შესაბამისი იყო.
დაკავებულია 10 ადამიანი კოლუმბიიდან, ნიკარაგუიდან, პანამიდან და ეკვადორიდან. გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს ნარკოტიკული ქსელის სრული მასშტაბი და შესაძლო კავშირები რეგიონში.
სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, დაახლოებით 55-მეტრიანი გემი, რომელიც ტანზანიის დროშით იყო რეგისტრირებული, სანაპიროდან 380 მილის მოშორებით დააკავეს.
„ ჩვენ ვთქვით, რომ კრიმინალურ ორგანიზაციებს გავანადგურებდით და ეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიით. ეს სწორედ ამის მაგალითია. ბრძოლა ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გაგრძელდება და ყველამ იცის, რომ ჩვენს ეროვნულ სამხედრო-საზღვაო ძალებს წყნარ ოკეანეში ძლიერი დაცვის ხაზის შექმნა შეუძლიათ. გემზე მყოფი ათივე პირი დაკავებულია და ისინი ელ-სალვადორის სასამართლოს წინაშე წარდგებიან, რათა გაგრძელდეს სისხლისსამართლებრივი პროცესი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით“, – განაცხადა ელ-სალვადორის უსაფრთხოებისა და იუსტიციის მინისტრმა გუსტავო ვილატორომ.
აშშ-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციების შედეგად გასული წლის სექტემბრიდან დღემდე ლათინური ამერიკის წყლებში სულ მცირე 145 ადამიანი დაიღუპა.
მხოლოდ მიმდინარე კვირაში წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილსა და კარიბის ზღვაში მიტანილ იერიშებს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამერიკულმა მხარემ გაავრცელა განადგურებული ნავების ამსახველი კადრები, თუმცა არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომ მათ ნარკოტიკები გადაჰქონდათ.

