მთავარიამერიკავენესუელავენესუელაში საბოლოოდ მიიღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონი

ვენესუელაში საბოლოოდ მიიღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონი

თვენახევრიანი განხილვების შემდეგ ვენესუელის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა „ამნისტიის შესახებ“ კანონი.

მიღებულ დოკუმენტს უკვე მოაწერა ხელი ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა, რითაც სამხრეთამერიკული სახელმწიფოს გარდამავალმა ხელისუფლებამ აიღო პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული პირების დაჩქარებული წესით გათავისუფლების ვალდებულება.

ამ სიაში შედიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, ასევე რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ნიკოლას მადუროს მმართველობას აკრიტიკებდნენ და მხოლოდ ამის გამო აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა.

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის თანახმად, ეს კანონი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მრავალწლიანი პატიმრობების დასრულებას, არამედ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პროცესების დაწყებასაც.

„ძალიან მოხარული ვარ ამ კანონის მიღებით, რომელიც დღეს გვიხსნის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას შერიგებისთვის, რათა ვენესუელამ ისწავლოს დემოკრატიულად და მშვიდობიანად ცხოვრება და გათავისუფლდეს სიძულვილისა და აუტანლობისგან.

მოდით, პირველხარისხოვნად ვაქციოთ ადამიანის უფლებები, სიყვარული, ურთიერთგაგება და ურთიერთაღიარება. აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ ვითხოვოთ პატიება და როგორ მივიღოთ ის. სწორედ ამნისტიის შესახებ ეს კანონი გვაძლევს ამ პროცესის განხორციელების საშუალებას“, — განაცხადა ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა.

ქვეყნის პარლამენტში მიმდინარე პროცესებს თვალყურს ადევნებდნენ ასობით პატიმრის ოჯახის წევრები, რომლებიც თითქმის ორი თვეა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებთან საპროტესტო აქციებს მართავენ.

მათმა ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას — შიმშილობას — მიმართა მას შემდეგ, რაც დამტკიცებამდე ერთი კვირით ადრე სადავო პუნქტების გამო ვენესუელის პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა გადადო.

პატიმართა ოჯახის წევრთა ნაწილს ქვეყნის დროებითი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ უნდობლობა აქვს, ვიდრე ამნისტიის შესახებ კანონი პრაქტიკულ შედეგს არ გამოიღებს და პოლიტპატიმრები ციხეებს რეალურად არ დატოვებენ.

„ველოდით ამ ამბავს, რომელიც აღმაფრთოვანებელია, რადგან პირობები, რომლებშიც ახლა ვცხოვრობთ, ძალიან მძიმეა. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ნათესავები სახლში დაბრუნდებიან. ისინი ნამდვილად არ იმსახურებენ ციხეში ყოფნას, რადგან დამნაშავეები არ არიან. ჩემი ძმა უბრალო მოვაჭრეა“, — თქვა ერთ-ერთი პატიმრის ძმამ, ალბერტო გერერომ.

„ამნისტიის კანონი არ გვჭირდება, რადგან მათ არაფერი აქვთ საპატიებელი. ისინი მშრომელები და კეთილსინდისიერი ადამიანები იყვნენ. ის ფაქტი, რომ მთავრობა სხვაგვარად ფიქრობს, ბოდიშის მოხდას არ საჭიროებს. მიუხედავად ამისა, მოხარულები ვართ, რომ ამ კანონს ხელი მოეწერა და ეს წაადგება ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც გასული წლების განმავლობაში იყო დაკავებული“, — ამბობს ნელსი ესკორსია, ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე.

სადავო პუნქტი, რის გამოც კანონპროექტის განხილვა დროში გაჭიანურდა, ამნისტიის მუხლების გავრცელებას შეეხებოდა საზღვარგარეთ მყოფ ვენესუელელებზე, რომლებმაც ქვეყანა პატიმრობის თავიდან ასაცილებლად დატოვეს.

საბოლოო განხილვისას კანონმდებლებმა ეს საკითხი გადალახეს და გადაწყვიტეს, რომ ამნისტიის თხოვნით ვენესუელის მთავრობისთვის მიმართვის შესაძლებლობა საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებსაც ექნებათ.

პოლიტპატიმრების გათავისუფლება ვაშინგტონის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა ვენესუელის გარდამავალ ხელისუფლებასთან დიალოგის განახლებისთვის.

უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ 3 იანვრის შემდეგ პატიმრების გათავისუფლების ტენდენცია დაიწყო, ეს საკმარისი არ არის, რადგან ციხეებში კვლავ ასობით ადამიანი რჩება.

მხოლოდ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ნიკოლას მადურო ძალაუფლების მიტაცებაში დაადანაშაულეს და დასავლურმა სახელმწიფოებმა მას „დიქტატორის“ სტატუსი მიანიჭეს, ქვეყნის მასშტაბით დაწყებული დემონსტრაციების დროს ხელისუფლების მოწინააღმდეგე 2 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

უკვე მეორე თვეა, თეთრი სახლი ცდილობს შვიდწლიანი წყვეტის შემდეგ ლათინოამერიკულ სახელმწიფოსთან დიპლომატიური კავშირების აღდგენას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამის შესაძლებლობა ნიკოლას მადუროს დაპატიმრების შემდეგ გაჩნდა.

ამასთან ერთად, ორ ქვეყანას შორის განახლდა სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობაც, მათ შორის — ნავთობპროდუქტების სფეროში.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:32

ომის 1457- ე დღე

spot_imgspot_img
Send this to a friend