მთავარიამერიკააშშაშშ-ი „მშვიდობის საბჭოსთვის” 10 მილიარდ დოლარს გამოყოფს

აშშ-ი „მშვიდობის საბჭოსთვის” 10 მილიარდ დოლარს გამოყოფს

აშშ „მშვიდობის საბჭოსთვის“ 10 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი პლატფორმის საინაუგურაციო ცერემონიალზე განაცხადა, რომელსაც მსოფლიო ლიდერები სხვადასხვა რეგიონიდან დაესწრნენ.

„მშვიდობის საბჭო“ ამ ეტაპზე 40 ქვეყანას აერთიანებს: კავკასიიდან, შუა აზიიდან, სამხრეთ ამერიკიდან, ევროპიდან და თავად ახლო აღმოსავლეთიდან — მათ ყველას თეთრმა სახლმა ვაშინგტონში მოუყარა თავი. ამაზე მეტია იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც პლატფორმაში დამკვირვებლის როლი არჩიეს.

„მშვიდობის საბჭოს“ მთავარი მიზანი პირველ ეტაპზე ღაზის აღდგენაზე იქნება ორიენტირებული, რის შემდეგაც, გეგმის მიხედვით, უნდა გაიზარდოს მისი ფუნქციური მასშტაბები. ზოგადად, ამ ინიციატივის მიზანი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ნაომარი ღაზის კეთილდღეობას მოემსახურება, სადაც მიღწეული მშვიდობაც ამ ეტაპზე საკმაოდ მყიფედ გამოიყურება.

„დღეს დიდი დღეა. მშვიდობა მხოლოდ სათქმელად არის მარტივი — გაცილებით რთულია მისი მიღწევა. ვფიქრობ, „მშვიდობის საბჭო“ უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი ინიციატივაა. ეს ასეა ძალისა და პრესტიჟის თვალსაზრისითაც — მასში უდიდესი მსოფლიო ლიდერები მონაწილეობენ. ეს პლატფორმა აჩვენებს, თუ როგორ უნდა აშენდეს უკეთესი მომავალი. მსურს გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან „მშვიდობის საბჭოსთვის“ 10 მილიარდ დოლარს გამოვყოფთ. ომის ფასთან შედარებით ეს საკმაოდ მცირე თანხაა. თითოეული დახარჯული დოლარი ინვესტიციაა სტაბილურობასა და იმედში, რათა ღაზა იქცეს ახალ, ჰარმონიულ ადგილად. ეს რეგიონი უმნიშვნელოვანესია — ის ცოცხალია და იქ დაუჯერებელი ადამიანები ცხოვრობენ. ჩვენ გვინდა ჰარმონია ახლო აღმოსავლეთში“, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საბჭოს ინაუგურაციაზე.

ახლო აღმოსავლეთში ჰარმონიაზე დონალდ ტრამპი ირანთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე საუბრობს, რომლის მიმდებარედაც დამატებითი სამხედრო ძალებია გაძლიერებული. თავად „მშვიდობის საბჭოს“ იდეა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ ოქტომბერში გააჟღერა, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რომელსაც ისრაელმა და „ჰამასმა“ მიაღწიეს.

ახალ პლატფორმაში შემავალი ქვეყნები დამატებით ფინანსურ და პოლიტიკურ კონტრიბუციას თანხმდებიან ანკლავის აღსადგენად, რაც კრიტიკოსებში შეკითხვებს აჩენს. კერძოდ, ინიციატივამ ფართო კრიტიკა გამოიწვია მისი ბუნდოვანი ბუნების გამო, მათ შორის იმ კუთხით, თუ როგორ შეძლებს საბჭო ფუნქციონირებას სხვა, მსგავსი მანდატის მქონე საერთაშორისო ინსტიტუციების გვერდით ისე, რომ მათ კონკურენცია არ გაუწიოს. ამ შემთხვევაში საუბარი გაეროზეა. ბევრი თვლის, რომ ეს ინიციატივა გაეროს ჩრდილქვეშ მოაქცევს, თუმცა ამ მოსაზრებას არც დონალდ ტრამპი იზიარებს და, როგორც ჩანს, არც საბჭოს სხვა ხელმომწერები.

„ჩვენ გავაგრძელებთ გაეროსთან მუშაობას და მას ჩავრთავთ ამ პროცესებში. გაეროს აქვს კარგი პოტენციალი, თუმცა ის სრულად არ გამოიყენება. ვფიქრობ, ამ პროცესით გაერო უფრო გაძლიერდება. „მშვიდობის საბჭო“ პრაქტიკულად ზედამხედველობას გაუწევს იმას, რომ გაერომ ეფექტურად იმუშაოს. ჩვენ გავაძლიერებთ გაეროს ინსტრუმენტებს — მათ დახმარება სჭირდებათ, მათ შორის ფინანსური, და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„ევროპაში ბევრი თვლის, რომ „მშვიდობის საბჭო“ გაეროს ჩანაცვლებას ემსახურება. ჩემთვის ეს ასე არ გამოიყურება. გაეროს ჩანაცვლებას არავინ გეგმავს, მაგრამ თუ ეს ხელს შეუწყობს ამ აგონიაში მყოფი გიგანტის გამოფხიზლებას — ღმერთმა დალოცოს „მშვიდობის საბჭო“,“ — აღნიშნა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ.

„რამადანის ამ წმინდა თვეში ღმერთმა დაგაჯილდოვოთ და მოგცეთ წარმატება თქვენს ძალისხმევაში, მიაღწიოთ ხანგრძლივ მშვიდობას ღაზაში. თქვენმა დროულმა და ეფექტურმა ჩარევამ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ნამდვილად მშვიდობის კაცი ხართ — სამხრეთ აზიის მხსნელი“, — განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა.

ამასთან ერთად, ღაზისთვის 50 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს FIFA, რათა ანკლავის რეაბილიტაციის პროცესში 20–25 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდეს აკადემიასთან ერთად, რაც დაახლოებით 15 მილიონი დაჯდება. ორგანიზაცია ასევე გეგმავს მცირე ზომის საფეხბურთო მოედნების მოწყობას მთელი ანკლავის მასშტაბით, ახალგაზრდების წასახალისებლად და ახალი ინტერესების გასაჩენად.

„ჩვენ ყველამ უნდა გავიღოთ ძალისხმევა. FIFA არ აპირებს მხოლოდ სახლების, სკოლების, გზებისა და საავადმყოფოების მშენებლობას. ჩვენ ხელახლა უნდა ავაშენოთ ადამიანები — ემოციები, იმედი და ნდობა. სწორედ ამას აკეთებს ფეხბურთი“, — განაცხადა FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.

„მშვიდობის საბჭო“ ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების ჩამოყალიბებას. ინდონეზიამ, მაროკომ, ყაზახეთმა, კოსოვომ და ალბანეთმა საკუთარი ძალების ადგილზე გაგზავნისთვის თანხმობა უკვე დააფიქსირეს. ამ ფონზე ისრაელი ხაზგასმით მიუთითებს მთავარ ამოცანაზე, რომელიც ტრამპის სამშვიდობო გეგმაშიცაა გაწერილი — „ჰამასი უნდა განიარაღდეს“.

„ჩვენი მიზნების თანახმად, „ჰამასი“ განიარაღდება, ხოლო ღაზის სექტორი დემილიტარიზებული იქნება. ჩვენ, აშშ-ის ჩვენს მეგობრებთან ერთად, ვაცხადებთ, რომ ღაზის რეკონსტრუქცია არ დაიწყება მანამ, ვიდრე მისი დემილიტარიზება არ მოხდება. ძალიან მალე „ჰამასს“ არჩევანი ექნება — დაყაროს იარაღი მარტივი გზით თუ რთული გზით. გპირდებით, „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის“, — განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული ენთუზიაზმი არ გამოუჩენია, ისრაელი „მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობაზე, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მაინც დათანხმდა. ის იმ ქვეყნების სიაშია, რომლებმაც ღაზის კეთილდღეობაზე უნდა იზრუნონ დამანგრეველი ომის შემდეგ, რომლის ერთ-ერთი მხარეც თავად იყო. ცნობილია, რომ ამ დროისთვის „მშვიდობის საბჭომ“ უკვე 7 მილიარდი დოლარის მობილიზება მოახერხა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend