ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მზარდი დაძაბულობისა და ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ფონზე, თეირანმა რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნები ჩაატარა.
მიმდინარე კვირას ირანმა საზღვაო წვრთნებიც დაიწყო ჰორმუზის სრუტეშიც, სადაც მსოფლიოში ნავთობით ვაჭრობის 20 პროცენტი გადის.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 19 თებერვალს ირანის ძალებმა და რუსმა მეზღვაურებმა ომანის ყურესა და ინდოეთის ოკეანეში სამხედრო წვრთნების ფარგლებში ოპერაციები ჩაატარეს.
სააგენტოს ინფორმაციით, წვრთნების მიზანია ოპერაციული კოორდინაციის გაუმჯობესება და სამხედრო გამოცდილების გაზიარება.
წვრთნები ძირითადად ჰორმუზის სრუტეში, ომანის ყურესა და ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ტარდება. საზღვაო უსაფრთხოების სარტყლის სახელით ცნობილი ყოველწლიური წვრთნები 2019 წლიდან ტარდება და მათში, როგორც წესი, ჩინეთიც მონაწილეობს, თუმცა წელს პეკინი არ არის წარმოდგნეილი.
ირანის საზღვაო ძალების კონტრადმირალმა ჰასან მაქსუდლუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წვრთნების ერთ-ერთი მიზანია რეგიონში ნებისმიერი ცალმხრივი მოქმედების თავიდან აცილება, რაც, როგორც ჩანს, აშშ-ის სამხედრო ძალების გაძლიერებაზე ირიბი მინიშნებაა.
ირანული მედიის ცნობით, წვრთნების ფარგლებში ირანისა და რუსეთის საზღვაო ძალებმა საჰაერო ვიზუალიზაციის ოპერაციებში ტაქტიკურ ფორმირებებსა და მანევრირებაში ივარჯიშეს.
წვრთნები ასევე მოიცავდა შეტევითი ფორმირების სცენარებს, რომლებიც ტაქტიკური კოორდინაციის გაუმჯობესებას, ერთობლივი სარდლობისა და კონტროლის გაძლიერებასა და ოპერატიულ პირობებში სწრაფ რეაგირებაში ვარჯიშს ითვალისწინებდა.

