მთავარიევროპაუნგრეთისულ ცოტა დრო უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე და გამოკითხვების ურთიერთგამომრიცხავი შედეგები

სულ ცოტა დრო უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე და გამოკითხვების ურთიერთგამომრიცხავი შედეგები

12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები კი ურთიერთგამომრიცხავია.

ზოგი კვლევა ოპოზიციური „ტისას“ უპირატესობას აჩვენებს, ხოლო სხვა გამოკითხვებით პრემიერ ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ დიდი სხვაობით იმარჯვებს.

Medián-ის მიერ იანვარში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, „ტისას“, რომელსაც „ფიდესის“ ყოფილი წევრი პეტერ მადიარი უდგას სათავეში, მოსახლეობის 40%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო ვიქტორ ორბანის პარტიას — 33%.

„Závecz Research-ის“ მონაცემებით, იმ რესპონდენტთა 49%, ვისაც უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვის დაუჭერს მხარს აპრილში ჩანიშნულ არჩევნებში, „ტისას“ მისცემდა ხმას. ამავე კვლევის მიხედვით, „ფიდესს“ 39% ემხრობა, რაც ოპოზიციური პარტიის 10%-იან უპირატესობას ნიშნავს.

იმას, რომ „ტისას“ რეიტინგი არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე „ფიდესისას“ აღემატება, კიდევ რამდენიმე გამოკითხვაც აჩვენებს. თუმცა არაერთი კვლევითი ორგანიზაცია მნიშვნელოვნად განსხვავებულ მონაცემებსაც ავრცელებს.

ერთ-ერთი მათგანის — Nézőpont Institute-ის — თანახმად, „ფიდესს“ 46%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო „ტისას“ ამომრჩეველთა 40% ემხრობა. ორგანიზაცია, რომელიც ამ შედეგებს აქვეყნებს, იმასაც აღნიშნავს, რომ „ფიდესს“ 200 000–დან 300 000-მდე პასიური მხარდამჭერი ჰყავს, რომელთა მობილიზებაც არჩევნებამდე შესაძლებელია, მაშინ როდესაც „ტისას“ მხარდამჭერთა რესურსი, ამავე ორგანიზაციის განმარტებით, სრულად არის ამოწურული.

ანალიტიკოსების შეფასებით, ხელისუფლებასთან დაახლოებული კვლევითი კომპანიების უმეტესობა სახელმწიფო კონტრაქტებზეა დამოკიდებული.

2025 წლის აგვისტოში ქვეყნის „სუვერენიტეტის დაცვის ოფისის“ ხელმძღვანელმა ხუთი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლებმაც ოპოზიციური „ტისას“ ლიდერობა აჩვენეს, საზოგადოებრივი აზრის კვლევის „ბოროტად გამოყენებასა“ და „უცხოური დავალებების“ შესრულებაში დაადანაშაულა.

„ფიდესმა“ 2010, 2014, 2018 და 2022 წლების არჩევნებში კონსტიტუციური, ორი მესამედის უმრავლესობა მოიპოვა. 2022 წელს პარტიამ ხმების 54.13% მიიღო, რაც 1990 წლის შემდეგ ნებისმიერი პარტიის ან ალიანსისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend