მერვე პრეზიდენტი ბოლო რვა წლის განმავლობაში — პერუს კონგრესმა ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე ხოსე ბარია ბალკასარა აირჩია.
მემარცხენე იდეოლოგიის წარმომადგენელმა, რომელმაც მოსამართლეობის შემდეგ პერუს პარლამენტის თავმჯდომარეობა არჩია, 83 წლის ასაკში პრეზიდენტობისთვის მებრძოლ სამ სხვა კანონმდებელ კანდიდატს შორის ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.
კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლა — ეს არის მთავარი პოლიტიკური დაპირება, რომლითაც ხოსე ბარია ბალკასარა აპირებს პერუს მართვას მიმდინარე წლის 28 ივლისამდე, ვიდრე 12 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება.
„ჩემთვის დიდი პატივია, მივიღო თქვენი ხმა ახალი პარლამენტის შემადგენლობის პირობებში, და ჩვენ, პერუელებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეგვიძლია ნამდვილი დემოკრატიის აშენება. უპირველეს ყოვლისა, დანაშაულებრივი ქმედებები — ეს აღარ უნდა იყოს ის, რასაც ტრადიციულად რაღაც ეროვნულს ვუწოდებდით. მაგალითად, „მატარებელი არაგუა“ საერთაშორისო ტერორიზმის კონოტაციად იქცა და სწორედ ასე არის მოხსენიებული ყველა ქვეყანაში“, — განაცხადა ხოსე ბარია ბალკასარამ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.
მორიგ ჯერზე დროებითი პრეზიდენტის არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 18 თებერვალს, იმპიჩმენტის საფუძველზე, თანამდებობა დაატოვებინეს 2025 წლის ოქტომბერში დანიშნულ ხოსე ხერის.
იმპიჩმენტის პროცედურას წინ უძღოდა კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე პერუს პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ხოსე ხერი ბრალდებულია გასული წლის დეკემბერში ორ ჩინელ ბიზნესმენთან ფარულ შეხვედრებში.
გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთ მათგანს ჩინეთის ხელისუფლებასთან ხელშეკრულებები აკავშირებს, ხოლო მეორე ეჭვმიტანილია ტყის მასივის უკანონო გაჩეხაში. აწ უკვე ყოფილი დროებითი პრეზიდენტი ამ ბრალდებებს უარყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის გადაწყვეტილებას ლიმას ქუჩებში ზეიმი მოჰყვა, ქვეყნის პოლიტიკური ვითარება ამის საფუძველს ნაკლებად იძლევა.
გადაყენებული დროებითი პრეზიდენტის წინამორბედი გასული წლის ოქტომბერში ასევე იმპიჩმენტის გზით ჩამოაშორეს ძალაუფლებას.
დინა ბოლუარტეს ადანაშაულებდნენ თანამდებობის გამოყენებაში პირადი სარგებლის მიღებისა და უკანონო გამდიდრების მიზნით. ექსპრეზიდენტს აკრიტიკებდნენ ქვეყანაში არსებული რთული კრიმინოგენური ვითარებისა და წინამორბედის მხარდამჭერი აქციების ძალადობრივი დაშლის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ქვეყნის ლიდერთა ხშირი ცვლილებების მიუხედავად, პერუს ეკონომიკა სტაბილურობას ინარჩუნებს.
მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით, 2024 წელს ქვეყნის საგარეო ვალმა 32% შეადგინა, რაც ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
პერუს მსგავსი ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზებად სახელდება უცხოური ინვესტიციებისადმი ხელისუფლების ღიაობა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, არსებობს რისკი, რომ დადებითი ფინანსური პარამეტრები უარყოფითმა პოლიტიკურმა გარემომ გადაწონოს.

