ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ირანზე შესაძლო თავდასხმისთვის შაბათიდან იქნებიან მზად — ამერიკული მედიის თანახმად, ამის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეროვნული უსაფრთხოების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა აცნობეს.
ტრამპს სამხედრო მოქმედების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და საკითხს ამ დრომდე განიხილავს.
„ტრამპი მოთმინებას კარგავს. ირგვლივ მყოფთაგან ზოგიერთი მას აფრთხილებს, რომ ირანთან ომში ჩართვა არ ღირს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში სამხედრო მოქმედებების დაწყების 90%-იანი შანსი არსებობს,“ — განუცხადა დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა Axios-ს.
ამერიკული მედიის წყაროების ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია, სავარაუდოდ, მასშტაბური, რამდენიმეკვირიანი კამპანია იქნება და ის ისრაელთან ერთად განხორციელდება. მათი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიან ომთან „ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ამას ამერიკელების უმრავლესობა აცნობიერებს“.
„თუკი ირანი გადაწყვეტს, შეთანხმება არ გააფორმოს, შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დიეგო გარსიასა და ფეირფორდში მდებარე აეროდრომების გამოყენება აუცილებელი გახდეს, რათა შესაძლო თავდასხმა ავიცილოთ თავიდან უკიდურესად არასტაბილური და საშიში რეჟიმის მხრიდან“, — დაწერა თავად დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს პლატფორმა Truth Social-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდ USS Gerald R. Ford-ის ჩასვლა მომდევნო დღეებში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება შესაძლო დარტყმების დროის განსაზღვრისთვის.

ამასთან, CBS ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შესაძლო მოქმედებებისა და ირანის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების მოლოდინში პენტაგონი მომდევნო სამი დღის განმავლობაში საკუთარი პერსონალის ნაწილს ახლო აღმოსავლეთიდან დროებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში გაიყვანს.
ტრამპის წარმომადგენლები — ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი — სამშაბათს ჟენევაში სამი საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის. ორივე მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ამ რაუნდში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ვაშინგტონსა და თეირანს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოებები კვლავ რჩება.
ჟენევაში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ელამიმ, განაცხადა, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ისლამურ რესპუბლიკას ურანის გამდიდრების უფლება ჩამოართვას.

