მთავარიმსოფლიოNATOგერმანიასა და ცენტრალურ ევროპაში ნატოს სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

გერმანიასა და ცენტრალურ ევროპაში ნატოს სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო წვრთნებში ნატოს 10-ზე მეტი წევრი ქვეყნის ათასობით ჯარისკაცი, რამდენიმე საბრძოლო ხომალდი და თვითმფრინავები მონაწილეობს.

ძალების უმეტესი ნაწილი განლაგდა ჩრდილოეთ გერმანიაში, სადაც 2026 წლის ნატოს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები Steadfast dart – იმართება. წვრთნების ფარგლებში 13 ქვეყნიდან 10 000-ზე მეტი სამხედროა მობილიზებული.

სამხედრო სწავლება გასულ თვეს დაიწყო და მოიცავს  წვრთნებს, საზღვაო და ხმელეთზე გადასხმის მანევრებსა და ასევე რეპეტიციებს, რომლებშიც ჩართული არიან სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, სპეციალური ოპერაციების, კიბერ და სხვა დამხმარე ძალები. წვრთნების მიზანია, ნატომ სწრაფად განალაგოს და ინტეგრირება გაუწიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ძალებსა და აღჭურვილობას,  ასევე გააძლიეროს ალიანსის აქტივები ცენტრალურ ევროპაში.

„ვფიქრობ, ნატო ქმედითუნარიანია და მზადაა. იდეალურები ვართ? არა. ნამდვილად არა. უნდა ვისწავლოთ. უნდა გავხდეთ უკეთესები. სწორედ ამიტომ იხარჯება უფრო მეტი ფული.  ნატო დასთანხმდა ხარჯების გაზრდას. ახლა მეტი შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ უკრაინის ომისგანაც ვისწავლეთ,  როგორ უნდა მოვიქცეთ თანამედროვე ომში. მეორე მხრივ, ჩვენ მათ ვასწავლით, როგორ გამოიყენონ შეიარაღების ის სისტემები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანა აწვდის მათ.  დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია, გავუმკლავდეთ ასეთ ომს ან ნებისმიერ მომავალ საფრთხეს. მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ ჯერ არ ვართ სრულყოფილები.  ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ“. – ამბობს ბრიუნსუმში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი ოფიცერი, პოლკოვნიკი მათიას ბიონკე.

სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ იტალიის, საბერძნეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ესპანეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, თურქეთის, საფრანგეთის, ბელგიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სამხედრო ძალები.

ამერიკის შეერთებული შტატები არ მონაწილეობს, თუმცა სამხედრო ოფიცრების თქმით, ის,  რომ ნატოს უდიდესი წევრი არ არის წარმოდგენილი სამხედრო ძალებითა და აღჭურვილობით, უბრალოდ დამთხვევაა და არ არის გამოწვეული ნატოში პოლიტიკური დაძაბულობითა თუ ამერიკის უსაფრთხოების სხვა პრიორიტეტების წამოწევით. სწავლება 2 წლის წინ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, თანამდებობის დაკავებამდე დიდი ხნით ადრე დაიგეგმა.

„ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, როგორც ევროპულმა ქვეყნებმა, ერთად ვაჩვენეთ, თუ რა შეუძლია მოკავშირეთა რეაგირების ძალებს. წვრთნებში არ მონაწილეობდნენ არც აშშ-ის და არც კანადის ჯარები. ამიტომ ეს ძირითადად ევროპული მანევრები იყო.  ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია”. ამბობს ბრიუნსუმში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი ოფიცერი, პოლკოვნიკი მათიას ბიონკე.

წვრთნები ცენტრალურ ევროპაში ტარდება, ძირითადი აქტივობები კი გერმანიაში მიმდინარეობს.

ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაური ნიდერლანდებში, ბრიუნსუმში იმყოფება. წვრთნებს გერმანელი გენერალი ინგო გერჰარტცი ხელმძღვანელობს.

ბალტიის ზღვაში საზღვაო დესანტის წვრთნების დროს წარმოდგენილი იყო 17 ერთეული სადესანტო გემები, ფრეგატები, ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები.

ჰაერში იყო 20-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის Euro Fighter-ები , F16-ის გამანადგურებლები, სატრანსპორტო თვითმფრინავები და დრონები.

ბერგენთან ახლოს, უფრო სამხრეთით, ქვეითი ჯარის ჯავშანტექნიკა, მსუბუქი ტანკები და ჯარისკაცები მოქმედებდნენ

საერთო ჯამში, სამხედრო მანევრებში მონაწილეობა მიიღო 1500-ზე მეტმა სამხედრო მანქანამ, მათ შორის მთავარმა საბრძოლო ტანკებმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend