მთავარიაზიაირანი„გარკვეული პროგრესი” ირანთან მოლაპარაკებებში და პასუხები თეთრი სახლიდან

„გარკვეული პროგრესი” ირანთან მოლაპარაკებებში და პასუხები თეთრი სახლიდან

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ირანზე დარტყმისთვის „მრავალი მიზეზი და არგუმენტი“ არსებობს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს თეირანს – გამოიჩინოს გონიერება და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპთან შეთანხმება დადოს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა, ეს განცხადებები ჟენევაში ომანის შუამავლობით გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებებიდან მეორე დღეს გააკეთა.

მან თქვა, რომ ამ მოლაპარაკებების ამ რაუნდში მხარეებმა „მცირედ პროგრესს“ მიაღწიეს, თუმცა რიგ საკითხებზე შეთანხმებისგან ვაშინგტონი და თეირანი კვლავ ძალიან შორს არიან.

მზად არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოლაპარაკებებს მეტი დრო მისცეს და რამდენ ხანს დაიცდის იგი სამხედრო მოქმედებამდე – ქეროლაინ ლევიტს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია, თუმცა თეთრი სახლის პრესსპიკერმა უპასუხა ირანთან დაკავშირებულ სხვა არაერთ შეკითხვას.

„სამხედრო საიდუმლოებებზე საუბარს არ გთხოვთ, თუმცა შეგიძლიათ მცირედი გაგვიზიაროთ იმის შესახებ, თუ როგორია პრეზიდენტის განწყობა შესაძლო დარტყმასთან დაკავშირებით? ვისთან საუბრობს, რა ინფორმაციას ეყრდნობა და რატომ შეიძლება აუცილებელი გახდეს დარტყმა ბირთვულ პროგრამაზე, რომელიც მისი თქმით, ამერიკული იერიშის შედეგად სრულიად განადგურდა“,- ჰკიხა ჟურნალისტმა ქეროლაინ ლევიტს.

„არსებობს მრავალი მიზეზი და არგუმენტი, რომელიც შეიძლება ირანის წინააღმდეგ დარტყმის მხარდასაჭერად იქნას გამოყენებული. პრეზიდენტმა, როგორც მთავარსარდალმა, „შუაღამის უროს“ სახით ძალიან წარმატებული ოპერაცია ჩაატარა, რომელმაც, როგორც იცით, ირანის ბირთვული ობიექტები სრულად გაანადგურა. თუმცა, პრეზიდენტი ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა, რომ ირანის თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში, დიპლომატია მისი პირველი არჩევანია. პრეზიდენტ ტრამპთან და ამ ადმინისტრაციასთან შეთანხმების გაფორმება ირანისთვის ძალიან გონივრული ნაბიჯი იქნებოდა. პრეზიდენტი ბევრ ადამიანს ესაუბრება – უპირველესად ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, რომლის წევრებიც თქვენ იცით. ეს საკითხი პრეზიდენტისთვის სერიოზულია. იგი ყოველთვის იმაზე ფიქრობს, თუ რა არის საუკეთესო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ჩვენი სამხედროებისთვის და ამერიკელი ხალხისთვის, და სწორედ ამ პრინციპით იღებს გადაწყვეტილებებს სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა პასუხად.

ხოლო კითხვას იმის შესახებ ესაუბრება თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ისრაელს, რათა შესაძლო დარტყმის შემთხვევაში ამაში ისრაელიც იყოს ჩართული, მან ასეთი პასუხი გასცა:

„პრეზიდენტის ბოლო საუბარზე ისრაელთან დეტალები არ მაქვს. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ახლახან იყო თეთრ სახლში. ირანთან დაკავშირებით კი გუშინ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. ჯერ კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი და ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, რა თქმა უნდა, მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის სახელმწიფოსთან – და ეს კომუნიკაცია სწორედ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შორის საუბრით იწყება.“

ქეროლაინ ლევიტს ჰკითხეს ისიც, თუ სად არის პროცესი ახლა, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, და ხედავს თუ არა პრეზიდენტი საკმარის პროგრესს იმისთვის, რომ მოლაპარაკებებს კიდევ ცოტა დრო მისცეს.

„გუშინ ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოისმინეთ, რომ გარკვეული პროგრესი მიღწეულია, თუმცა რიგ საკითხებზე შეთანხმებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ. ვფიქრობ, ირანელები დამატებითი დეტალებით მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა დაგვიბრუნდნენ. პრეზიდენტი პროცესზე დაკვირვებას გააგრძელებს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენ დროს დაუთმობს პრეზიდენტი მოლაპარაკებებს სამხედრო მოქმედების სერიოზულად განხილვამდე: ქეროლაინ ლევიტმა თქვა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელით ვადებს ვერ დაადგენს.“

პარალელურად, ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ბირთვული იარაღისკენ არც ახლა ისწრაფვის და ამას არც მომავალში აპირებს.

„როგორ უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ ბირთვულ იარაღს არ ვესწრაფვით – არც ახლა და არც მომავალში. თუ მათ ნამდვილად სურთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს, მზად ვართ ნებისმიერი სახის გადამოწმებისთვის, რომელსაც ისინი  საჭიროდ ჩათვლიან”, – თქვა მასუდ ფეზეშქიანმა.

დონალ ტრამპი, რომელმაც პრეზიდენტონის პირველ ვადაში ირანთან არსებული  ბირთვული შეთანხმება გააუქმა, თეირანს ძალის გომოყენებით არაერთხელ დაემუქრა. ირანში აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევაში საპასუხო იერიშს თავადაც მიიტანენ.

ტრამპის ადმინიტრის თანახმად, ირანს ურანის გამდიდრების უფლება არცერთი ფორმით არ უნდა ჰქონდეს. თეირანის პოზიციაა, რომ ამას არ დათანხმდება.

ირანი კვლავ ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend