მთავარიმსოფლიოევროპაუნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის დიზელის მიწოდებას აჩერებს

უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის დიზელის მიწოდებას აჩერებს

18 თებერვალს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი მეზობელ უკრაინას აღარ უზრუნველყოფს დიზელით,  სანამ არ მოგვარდება შეფერხებები იმ მილსადენებთან დაკავშირებით, რომლებითაც ქვეყანას  უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსეთის ნავთობი მიეწოდება.  უნგრეთის გადაწყვეტილებას იზიარებს სლოვაკეთიც.

რუსული ნავთობი უნგრეთსა და სლოვაკეთს 27 იანვრიდან აღარ მიეწოდებათ.  უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით,  რუსული იერიშების შედეგად დაზიანდა „დრუჟბის“ მილსადენი, რომლის მეშვეობითაც რუსული ნედლი ნავთობი ცენტრალურ ევროპაში გადიოდა.

„მინდა გაცნობოთ, რომ უკრაინა დიზელის საწვავს იქამდე ვერ მიიღებს, სანამ ისინი „დრუჟბის“ ნავთობსადენით არ განაახლებენ ნედლი ნავთობის მიწოდებას უნგრეთში“,- ამბობს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო.

უნგრეთი და სლოვაკეთი, რომელთაც გამონაკლისის სახით არ ეხებათ  ევროკავშირის პოლიტიკა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ, უკრაინას, მტკიცებულებების გარეშე,   ადანაშაულებენ მიწოდების განზრახ შეფერხებაში.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ამბობს, რომ ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხება უკრაინის პრეზიდენტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

„ადგილზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნგრეთის მიმართულებით „დრუჟბის“ ნავთობსადენით  ნავთობის მიწოდების აღსადგენად ყველა ფიზიკური და ტექნიკური პირობაა უზრუნველყოფილი. უკრაინამ შეაფერხა უნგრეთში ნავთობის ტრანსპორტირება. ეს  პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც თავად უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო. ეს კი უკრაინის მხრიდან უნგრეთის წინააღმდეგ  აშკარა პოლიტიკური შანტაჟია“. – ამბობს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო.

უკრაინა არ ეთანხმება ბრალდებებს.

სიიარტო დასძენს, რომ უნგრეთს ნავთობის სამი თვის  მარაგი აქვს. შესაბამისად,  მისი ენერგოუსაფრთხოება ამ ეტაპზე  დაცულია.

ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ მნიშვნელოვნად შეამცირა ან მთლიანად შეწყვიტა რუსული ენერგორესურსების იმპორტი, უნგრეთმა კი, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანაა,  2022 წლიდან,  უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, შეინარჩუნა და გაზარდა კიდეც რუსული ნავთობისა და გაზის მიწოდება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ რუსული წიაღისეული საწვავი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. მისი თქმით,  სხვა წყაროებიდან მოპოვებულ ენერგიაზე გადასვლა აუცილებლად გამოიწვევდა ეკონომიკურ კოლაფსს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend