ბრიუსელმა ბელგიაში აშშ-ის ელჩი პროტესტის ნიშნად გამოიძახა სოციალური მედიის პლატფორმებზე განთავსებული იმ პოსტის გამო, რომლითაც დიპლომატი ქვეყანას ანტისემიტიზმსა და ებრაული საზოგადოების დევნაში ადანაშაულებს.
დებატებს ბელგიის მთავრობის მიერ წამოწყებულმა გამოძიებამ მისცა ბიძგი. გამოძიება ქალაქ ანტვერპენში სამი მამაკაცის მხრიდან სპეციალური სამედიცინო მომზადებისა და სერტიფიცირების გარეშე ჩატარებულ წინდაცვეთის ოპერაციას უკავშირდება. სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე განთავსებულ პოსტში აშშ-ის ელჩმა, ბილ უაითმა, ამ გამოძიებას ანტისემიტური უწოდა და ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.
Anti Semitism is UNACCEPTABLE in any form & it must be rooted out of our society.
President TRUMP @POTUS @realDonaldTrump @JDVance @VP @SecRubio @StateSEAS @DeputySecState and I call upon all of Belgium to do a much better job on this subject !
TO BELGIUM,
SPECIFICALLY YOU…
— Ambassador Bill White (@BillWhiteUSA) February 16, 2026
„ანტისემიტიზმი მიუღებელია ნებისმიერი ფორმით და ის უნდა განვდევნოთ ჩვენი საზოგადოებიდან. პრეზიდენტი ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, სახელმწიფო მდივანი რუბიო და მე მოვუწოდებთ ბელგიას, ამ საკითხზე უკეთ იმუშაოს. კერძოდ, უნდა შეწყდეს ეს სულელური და ანტისემიტური დევნა ანტვერპენში სამი ებრაელი რელიგიური პირის მიმართ. ისინი აკეთებენ იმას, რაც ათასობით წელია კეთდება. ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა უნდა მისცეს მათ უფლება, შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები ბელგიაში. ეს პრაქტიკა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს და ბელგიაც ცივილიზებული სახელმწიფოა. შესაბამისად, ებრაულ ოჯახებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, კანონიერად ისარგებლონ რელიგიის თავისუფლებით მინიჭებული უფლებებით“, — წერს ამერიკელი დიპლომატი.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ, აღნიშნულ განცხადებას მიუღებელი უწოდა. მისი თქმით, ბელგიის კანონმდებლობა მსგავსი რიტუალის ჩატარების უფლებას იძლევა, თუმცა მხოლოდ კვალიფიციური პერსონალის ჩართულობით და მკაცრი სამედიცინო და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
(EN) Any suggestion that Belgium is antisemitic is false, offensive, and unacceptable. Belgium condemns antisemitism with the greatest firmness. The fight against antisemitism, and all forms of hatred and discrimination, is an absolute priority for our country.
Everyone must be…
— Maxime PREVOT (@prevotmaxime) February 16, 2026
„ნებისმიერი მტკიცება, რომ ბელგია ანტისემიტური ქვეყანაა, ცრუ, შეურაცხმყოფელი და მიუღებელია. ბელგია მკაცრად გმობს ანტისემიტიზმს — სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. ამ კონკრეტულ შემთხვევას კანონიერი გამოძიება კონკრეტული მიზეზით შეეხო და პროცედურების შესახებ კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებ. ბელგიის ანტისემიტურად წარმოჩენა არა მხოლოდ არასწორია, არამედ საშიში დეზინფორმაციაა, რომელიც ძირს უთხრის რეალურ ბრძოლას სიძულვილის წინააღმდეგ. ბელგიაში აკრედიტირებულ ელჩებს აქვთ ვალდებულება, პატივი სცენ ჩვენს ინსტიტუციებს, არჩეულ წარმომადგენლებს და ჩვენი საკანონმდებლო სისტემის დამოუკიდებლობას. ბელგიელ მინისტრებზე პერსონალური შეტევები და სამართლებრივ საქმეებში ჩარევა კი დიპლომატიური ნორმების ფარგლებს სცდება,“ — წერს ბელგიის პირველი დიპლომატი.
ამერიკელ დიპლომატთან 25-წუთიანი შეხვედრის შემდეგ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბილ უაითს ვენის კონვენცია შეახსენეს, რომელიც დიპლომატიურ ურთიერთობებში დიპლომატის როლსა და მის საზღვრებს განსაზღვრავს.

