უკრაინამ დამატებითი სანქციები დაუწესა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკას.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას „უკრაინელი ხალხის მვკლელობის ხელშემწყობი ფაქტორების საწინააღმდეგოდ“.
მანვე განმარტა, რომ დამატებითი სანქციები შემოღებულია უკრაინის წინააღმდეგ კრემლის სრულმასშტაბიან ომში ალექსანდრ ლუკაშენკას სულ უფრო მეტი ხელშეწყობის გამო.
ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებით, 2025 წლის მეორე ნახევარში, მოსკოვმა ბელარუსის ტერიტორიაზე განალაგა „ბირთვული უპილოტო საფრენი აპარატების მართვისთვის საჭირო მოწყობილობები, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილზე მასირებული დარტყმების განხორციელება“.
მისივე თქმით, მინსკის ასეთი დახმარების გარეშე, რუსული მხარე ვერ შეძლებდა ენერგოობიექტებსა და სარკინიგზო ხაზებზე თავდასხმების მოწყობას და, შესაბამისად, მკაცრი ზამთრის პირობებში მილიონობით მოქალაქე არ დარჩებოდა ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე, ხოლო ასობით ადამიანი არ დაიღუპებოდა.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ კიევის პოზიცია „დროული და პრინციპულია“, ხოლო სანქციების დაწესებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობა გადაუხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსანდრ ლუკაშენკას არალეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს და აცხადებს, რომ მოსკოვის მხარდაჭერით მან შეძლო ძალაუფლების მიტაცება და ბელარუსში რეპრესიული პოლიტიკის გატარება.
მოსკოვი ბელარუსის ტერიტორიას სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე იყენებს.

2022 წლის 24 თებერვლის დილას უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი მასირებული სარაკეტო იერიში სწორედ ამ მეზობელ ქვეყანაში განლაგებული სამხედრო ტექნიკით დაიწყო.
ამის მიუხედავად, მინსკი სრულად არ არის ჩაბმული უკრაინის წინააღმდეგ ომში, თუნდაც ფიზიკური ძალის თვალსაზრისით, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლება მოსკოვისთვის დახმარების გაწევას სხვა გზებითაც ცდილობს. მათ შორისაა კრიტიკულად აუცილებელი სამხედრო დანადგარებისა და აღჭურვილობის მიწოდება რუსული საოკუპაციო ჯარებისთვის.
ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი „დიდი ხანია ცვლის ქვეყნის სუვერენიტეტს პირადი ძალაუფლების გაგრძელების სანაცვლოდ“.

