მთავარიამერიკაკანადაკანადამ თავდაცვის ახალი სტრატეგია „შეიძინე კანდური“ წარადგინა

კანადამ თავდაცვის ახალი სტრატეგია „შეიძინე კანდური“ წარადგინა

კანადამ თავდაცვის ახალი სტრატეგია „შეიძინე კანდური“ წარადგინა. სტრატეგიის მიზანია, შიდა წარმოების გაზრდით გააძლიეროს კანადის თავდაცვის სექტორი და  შეამციროს კანადის აშშ-ზე დამოკიდებულება.

სტრატეგიის მიზანია, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შესყიდვების 70 პროცენტი სწორედ კანადურ კომპანიებს მიენიჭოთ.

კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წლების განმავლობაში სამხედრო სფეროში არასაკმარისი ინვესტიციების ჩადების შემდეგ დადგა დრო, კანადამ საკუთარი თავდაცვითი აღჭურვილობა აწარმოოს. კანადის მთავრობის თავდაცვის ინდუსტრიის სტრატეგია მარკ კარნიმ 17 თებერვალს წარადგინა. სტრატეგიის მიხედვით, მომავალი 10 წლის განმავლობაში თავდაცვის სექტორში 125,000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას.

„ვიცით, რომ მსოფლიო იცვლება და კანადამ მასთან ერთად უნდა შეიცვალოს. კანადა უფრე მეტია, ვიდრე მხოლოდ ჩვენი სამხედრო ძალების გაზრდა. ეს ასევე ნიშნავს ჩვენი ინდუსტრიების სიმტკიცეს, ჩვენი ეკონომიკის გამძლეობას და ჩვენს უნარს, ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტადაა მნიშვნელოვანი. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება და ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენ ვაცხადებთ კანადის ისტორიაში პირველ თავდაცვით ინდუსტრიულ სტრატეგიას. ეს არის გაბედული გეგმა, რათა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივაწოდოთ ის, რაც მათ სჭირდებათ, მაშინ, როცა სჭირდებათ. ეს არის გეგმა, რომელიც გაზრდის კანადური თავდაცვითი კომპანიების მასშტაბებს და ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებში ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას ჩადეს. ამასთანავე კანადის მასშტაბით 125,000-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შეიქმენაბა”, – განაცხადა, მარკ კარნიმ.

სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ევროპის ქვეყნებთან და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მთავარ მოკავშირეებთან პარტნიორობის გაღრმავებას, განსაკუთრებით შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აგრესიული პოლიტიკის ფონზე. თუმცა, ამავდროულად, კანადის პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატებისა და კანადის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კანადის მრავალწლიან სამხედრო პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, მათ შორის ორმხრივი კონტინენტური თავდაცვის პაქტს, „ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობას“ ფუნდამენტური“  უწოდა. ამის მიუხედავად, მარკ კარნიმ განაცხადა რომ კანადა მხოლოდ ამერიკაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

„მისი ჩარჩო მარტივია. ავაშენოთ. ვითანამშრომლოთ. შევიძინოთ. პირველ რიგში, ჩვენ აღჭურვილობას კანადაში დავამზადებთ, პრიორიტეტს კანადურ კომპანიებს მივანიჭებთ. ჩვენი პოლიტიკის თანახმად, იმ სფეროებში, სადაც სუვერენული შესაძლებლობები გვექნება, სამხედრო შესყიდვებისას პირველ რიგში კანადურ ფირმებს მივმართავთ. როდესაც დამოუკიდებლად წარმოებას ვერ შევძლეთ, ვითანამშრომლებთ მოკავშირეებთან, რაც დაეხმარება ინვესტიციების მოზიდვას, ინტელექტუალური საკუთრების გადაცემას და მიწოდების ჯაჭვების ინტეგრაციას, რათა საჯარო სახსრები კვლავ კანადაში დაბრუნდეს და სამუშაო ადგილები სწორედ აქ, კანადაში შეიქმნას. მხოლოდ ამ ორი ვარიანტის ამოწურვის შემდეგ, დავიწყებთ საზღვარგარეთიდან პროდუქტის შეძენას. ასეთი შემთხვევების დროსაც, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მაქსიმალური სარგებელი დაბრუნდეს კანადაში, მათ შორის მოდერნიზებული ინდუსტრიული და ტექნოლოგიური სარგებლის რეჟიმის მეშვეობით”, – განაცხადა, მარკ კარნიმ.

სტრატეგიის  ფარგლებში კანადის მთავრობა გეგმავს, ზაფხულამდე შეიარაღებული ძალებისთვის 10 ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი შეარჩიოს, რომლებიც თავდაცვის სექტორში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, მათ შორის აეროკოსმოსური პლატფორმების, ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური გამოთვლების, სახმელეთო, საზღვაო და კოსმოსური სენსორებისა და დაზვერვის, რაკეტების, ბომბებისა და იარაღის, სახმელეთო მანქანებისა და გემების სპეციალიზებული წარმოების, საჰაერო აპარატების, უპილოტო საჰაერო და წყალქვეშა დრონების მიმართულებით.

მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ამბიციური სტრატეგიის მიზანია, რომ შესყიდვების 70 პროცენტი სწორედ კანადურ კომპანიებს მიენიჭოთ, ხოლო კანადის თავდაცვითი ე ქსპორტი 50 პროცენტით გაიზარდოს. ასევე ის თავდაცვასთან დაკავშირებულ კვლევასა და განვითარებაში სახელმწიფო ინვესტიციების 85 პროცენტით,  კანადის თავდაცვითი ინდუსტრიის შემოსავლების კი 240 პროცენტით მატებას ითვალისწინებს, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის შემოსავლების წლიურად 5.1 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტით გაზრდას.

კანადის მთავრობის ინფორმაციით, 2035 წლისთვის კანადაში სამხედრო ინვესტიცია ნახევარ ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend