მთავარიმსოფლიო„მშვიდობით მყინვარებო” - მსოფლიოში დიდი მყინვარები ქრება

„მშვიდობით მყინვარებო” – მსოფლიოში დიდი მყინვარები ქრება

აშშ-ის გუნდის მოთხილამურეები ლინდსი ვონი და მიქაელა შიფრინ, ასევე იტალიელი ფრედერიკა ბრიგონე, იმ მრავალ სპორტსმენს შორის არიან, რომლებმაც ამ ოლიმპიური თამაშების განმავლობაში მსოფლიოს მყინვარების დაჩქარებულ დნობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს.

„როგორც მოთხილამურეს, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რა გავლენა მოახდინა გლობალურმა დათბობამ. ცხრა წლის ასაკიდან მყინვარებზე ვსრიალებდი და იმ მყინვარების უმეტესობა, სადაც ადრე ვვარჯიშობდი, ფაქტობრივად აღარ არსებობს,“- განაცხადა მოთხილამურე, ლინდსი ვონიმ.

იტალიაში, ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქი კორტინა დ’ამპეცო განსაკუთრებით სიმბოლური ადგილია კლიმატის ცვლილებაზე სასაუბროდ. მყინვარები, რომლებიც ოდესღაც ქალაქიდანაც კი ჩანდა, მნიშვნელოვნად შემცირდა. ბევრმა მათგანმა მცირე ზომის მყინვარების ან მაღალმთიან ზონებში დარჩენილი ყინულის მცირე ნარჩენების სახე მიიღო, დოლომიტების ცნობილ მწვერვალებს შორის. იტალიელმა გლაციოლოგმა, ანტონელა სენეზემ განაცხადა, რომ 1950-იანი წლების ბოლოდან იტალიამ მყინვარების ფართობის 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი დაკარგა.

„მყინვარი არის ყინულის მასა, რომელიც მთაზე ზედა ზონებიდან ქვედა ზონებისკენ გადაადგილდება. ის წარმოიქმნება თოვლიდან დაგროვილი და შემდგომ ყინულად ქცეული მასისგან. ჩვენ ვაკვირდებით იტალიაში და მთელ მსოფლიოში არსებული ყველა მყინვარის შემცირებას. ზაფხულში ყინულის დნობა აღემატება ზამთარში დაგროვილი თოვლის რაოდენობას. ეს ნიშნავს მასის ბალანსს, რომელიც უარყოფითია — ანუ მყინვარი უფრო მეტ მასას კარგავს, ვიდრე იძენს. გარდა ამისა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვაკვირდებით, რომ შემცირების პროცესი კიდევ უფრო სწრაფდება. მყინვარები ძალიან კომპლექსური სისტემებია, რადგან ისინი მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნებისთვის — მათში მრავალი სახეობის ცხოველი და მცენარე ბინადრობს. გარდა ამისა, ისინი მდიდარია ტენიანობით და წარმოადგენენ სასმელ წყალს. ამიტომ მნიშვნელოვანია წლის ყველაზე მშრალი და ცხელი პერიოდებისთვის. ეკონომიკური თვალსაზრისით კი ისინი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, რადგან მათგან მომდინარე წყლით ჰიდროელექტროსადგურებს ამუშავებენ. ბოლოს, მყინვარები კლიმატთან არის ბალანსში, ამიტომ მათი შემცირება მხოლოდ ცუდს ნიშნავს. ამას მხოლოდ კაცობრიობის ცხოვრების წესისა და ბუნებისადმი მეტი მზრუნველობის გამოჩენა შეანელებს,“- აცხადებს გლაციოლოგი მილანის უნივერსიტეტიდან, ანტონელა სენეზე.

მეცნიერები ამბობენ, რომ მყინვარების გაქრობას შორსმიმავალი შედეგები აქვს. საფრთხე ექმნება წყლის რესურსებს. იზრდება მთაში ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეები. ასევე, მოიმატებს ზღვის დონეც.

„მშვიდობით მყინვარებო“- პროექტის მიხედვით, თუ გლობალური ტემპერატურა 2.7 გრადუს ცელსიუსით მოიმატებს, 2034 წლისთვის მყინვარები თითქმის მთლიანად გაქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend