სასტიკად ჩახშობილი პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღიდან 40 დღის თავზე რეჟიმმა ირანის სხვადასხვა ქალაქში სამგლოვიარო ცერემონიები გამართა.
„სიკვდილი ისრაელს!“ — ისმოდა თეირანში, იმამ ხომეინის დიდ მეჩეთში. მონაწილეებს, რომელთა უმრავლესობაც რეჟიმის მხარდამჭერია, თან ჰქონდათ ფურცლებზე დაწერილი გზავნილებიც: „სიკვდილი კანიბალ ამერიკას, კერპთაყვანისმცემელ ისრაელს, მოღალატე ფეჰლევის და არაკომპეტენტურ ჩინოვნიკებს.“
საპროტესტო აქციებისას დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის მამამ Associated Press-ს განუცხადა, რომ მისი მიზანი შურისძიებაა მათზე, ვინც მისი შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა:
„აქ ვარ, რომ შური ვიძიო ჩემი შვილის სისხლისთვის. აქ ვარ, რომ სამართლიანობა მოვითხოვო მათგან, ვინც ჩემი შვილი მოკლა. ის სახლიდან წამლის საყიდლად გავიდა, შემდეგ კი, კუთხესთან, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.“
„მე უბრალოდ მინდა, მისი სისხლი არ დაივიწყონ — სულ ეს არის. მისი სისხლი ფეხქვეშ არ უნდა გათელონ და უპატივცემულოდ არ უნდა მოეპყრონ. მას სამი შვილი ჰყავს, რომლებიც მამას ჯერ კიდევ ელოდებიან. ჩემი 8 წლის შვილი უკვე 38 დღეა ელოდება. ჩემი 18 წლის ქალიშვილი ელოდება. ისინი არ ჭამენ და არ სძინავთ. ელოდებიან, რომ მამა დაბრუნდება. ღვთის გულისთვის, არ დაუშვათ, რომ მისი სისხლი დაივიწყონ. და არა მხოლოდ ჩემი ქმრის სისხლი — მე სამართლიანობას ვითხოვ თითოეული მოკლული ადამიანისთვის“, — განაცხადა ერთ-ერთი დაღუპულის მეუღლემ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (Human Rights Activists News Agency) ბოლო მონაცემებით, მათ 7 015 დაღუპულის შესახებ აქვთ ინფორმაცია.
დაღუპულთა რიცხვი გამუდმებით იზრდება, რადგან იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მყოფ პირებთან კომუნიკაცია კვლავ რთულია, სააგენტო ინფორმაციის სწრაფად გადამოწმებას ვერ ახერხებს.
ირანის მთავრობამ ოფიციალური მონაცემები მხოლოდ ერთხელ — 21 იანვარს — გაავრცელა და განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 3 117-ია. რეჟიმს არეულობებისას დაღუპულთა რიცხვი წარსულშიც არაერთხელ შეუმცირებია ან საერთოდ არ გამოუცხადებია.

