მთავარიევროპაშვეიცარიაჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა

ჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა

17 თებერვალს, ჟენევაში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ, ირანი და შეერთებული შტატები, როგორც ჩანს, პოზიციებს აჯერებენ.

არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ  განაცხადა, რომ შეთანხმების მისაღწევად ახალი ფანჯარა გაიხსნა. თუმცა დასძინა, რომ ირანი მზადაა, დაიცვას თავი ნებისმიერი საფრთხისა და აგრესიისგან.

„შეერთებულ შტატებთან  ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ფარგლებში შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გაიხსნა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი მიგვიყვანს მდგრად და მოლაპარაკების გზით მიღწეულ გადაწყვეტილებამდე, რომელიც მხარეებისა და რეგიონის ინტერესებს  გაითვალისწინებს. ამავდროულად, როგორც ეს 2025 წლის 13 ივნისის აგრესიის დროსაც გამოჩნდა, ირანი მზადაა, დაიცვას თავი საფრთხისა და აგრესიისგან. ირანზე თავდასხმის შედეგებს მხოლოდ მისი საზღვრები არ იწვნევს“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, რომელიც ჯარედ კუშნერსა და სტიფ უიტკოფსა ესაუბრა.

„ვფიქრობ, პრეზიდენტს ბევრი ვარიანტი აქვს. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამხედრო ძალები. პრეზიდენტი მზადაა, მიმართოს მათ. მას ასევე ჰყავს შესანიშნავი დიპლომატიური გუნდი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება საქმეში. პრეზიდენტმა მკაფიოდ განუცხადა ირანელებს და, სხვათა შორის, დღეს დილით ვესაუბრე სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს მათი მოლაპარაკებების შესახებ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს გარკვეული მოთხოვნები.

ჩვენი მთავარი ინტერესი ის არის, რომ  არ გვინდა, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ჩვენ არ გვინდა ბირთვული იარაღის გავრცელება, და თუ ირანს ბირთვული იარაღი ექნება. არსებობს ბევრი სხვა რეჟიმი, ზოგი მეგობრული, ზოგი არც ისე მეგობრული, რომლებიც მათ შემდეგ ასევე შეძლებენ მიიღონ ბირთვული იარაღი. ეს კატასტროფა იქნება ამერიკელი ხალხისთვის, ეს ნიშნავს, რომ  მთელ მსოფლიოში იქნება ეს გიჟური რეჟიმები ყველაზე საშიში იარაღით. ეს არის ერთ-ერთი რამ, რისი თავიდან აცილებაც სურს პრეზიდენტს.  ჩვენ გვინდა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს საკითხი საუბრითა და დიპლომატიური გზით მოვაგვაროთ, მაგრამ პრეზიდენტს ყველა ვარიანტი აქვს მომზადებული.

ერთ რამეს, რასაც მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვიტყვი, არის ის, რომ, რაღაც მხრივ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ისინი შეთანხმდნენ, რომ კიდევ შეხვდებიან. თუმცა, სხვა მხრივ,  ნათელი იყო, რომ პრეზიდენტმა გარკვეული წითელი ხაზი დააწესა, რომლის აღიარება და გადალახვა ირანელებს ჯერ არ სურთ. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, მაგრამ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი იტოვებს უფლებას, თქვას, როდის დასრულდება დიპლომატია.  ვიმედოვნებთ, რომ ამ ეტაპამდე არ მივალთ, მაგრამ თუ მივალთ, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტი იქნება”, – განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.

მოლაპარაკებები გაიმართა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა თავისი სამხედრო ძალები ახლო აღმოსავლეთში. ირანმაც, თავის მხრივ, ფართომასშტაბიანი საზღვაო წვრთნები ჩაატარა ჰორმუზის სრუტეში.

ირანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ირანის საზღვაო ძალებმა საერთაშორისო წყლების მიმართულებით ხუთი რაკეტა ისროლეს. უსაფრთხოებისა და საზღვაო საკითხების გამო ის რამდენიმე  საათით ჩაკეტილი იყო.

17 თებერვალს გამართულ მოლაპარაკებებამდე  პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა თეირანი ბოლო დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის გამო. ის ასევე დაემუქრა,  რომ ძალას გამოიყენებდა, თუ თეირანი არ შეზღუდავდა  ბირთვულ პროგრამას.

აშშ-ის ოფიციალური პირმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, განაცხადა, რომ  მოლაპარაკებებში პროგრესი იყო,  თუმცა  განსახილველი დეტალი ჯერ კიდევ ბევრია.

მისი თქმით, ირანის დელეგაცია მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, გეგმავს,  უფრო დეტალური წინადადება წარადგინოს უთანხმოების აღმოსაფხვრელად.

მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე არაღჩი ასევე შეხვდა გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის. ირანის საგარეო საქმეთა  მინისტრმა განაცხადა, რომ მათ ისაუბრეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს სააგენტოს  შეთანხმების მიღწევაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend