თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარება — ორი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად ინდოეთს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეწვია.
სახელმწიფოთა ლიდერებმა განაცხადეს ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, რომელიც, მათი მოლოდინით, ხელს შეუწყობს ინდოეთ–საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას.
„საფრანგეთსა და ინდოეთს შორის არსებული ურთიერთობები განსაკუთრებულია. საფრანგეთი ჩვენი ერთ-ერთი უძველესი სტრატეგიული პარტნიორია და პრეზიდენტ მაკრონთან ერთად ჩვენ ამ ურთიერთობას უპრეცედენტო სიმტკიცე და ენერგია შევძინეთ. საერთო ხედვასა და ნდობაზე დაყრდნობით, მუდმივად ვაშენებთ ჩვენს ურთიერთობებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა არ არის.
დღევანდელ არასტაბილურ ეპოქაში ეს კავშირი გლობალური სტაბილურობისა და წინსვლის მაჩვენებელია. 2026 წელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გარდამტეხი გახდება. ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას ევროკავშირსა და ინდოეთს შორის, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას შეეხება. ეს შეთანხმება დამატებით უპრეცედენტო იმპულსს მისცემს ფრანგულ–ინდურ თანამშრომლობასაც.
დღეს ხელს ვაწერთ ახალ საინვესტიციო შეთანხმებას, რითაც, ფაქტობრივად, გარანტიას ვაძლევთ, რომ ჩვენი ხალხებისა და კომპანიებისთვის ორმაგი ტარიფები გაუქმდება. ყველა ეს ინიციატივა დამატებითი წამახალისებელია ერთმანეთთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და მობილობის უზრუნველსაყოფად. ეს არის ერთიანი საგზაო რუკა საერთო კეთილდღეობისთვის“, — განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ.
„არსებობს მრავალი სფერო, სადაც ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა. რატომ არ უნდა განვიხილოთ კოსმოსის სექტორი? ამ მიმართულებით მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ ძლიერი იყო და მჯერა, მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება. სწორედ ამიტომ, ივლისში საფრანგეთში ვგეგმავთ ამ სფეროსთან დაკავშირებული სამიტის ორგანიზებას, რომელშიც, ცხადია, ინდოეთიც იქნება ჩართული.
ვმუშაობთ ერთიან საგზაო რუკაზეც, რათა გლობალურ გამოწვევებს შევეწინააღმდეგოთ და გამოვნახოთ მშვიდობისკენ მიმავალი გზა, რომელიც სხვებისგან განსხვავებული იქნება. თუ საავიაციო სექტორზე ვსაუბრობთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. გვინდა, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო ამბიციური და მრავლისმომცველი გახდეს…“ — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
ვიზიტის ფარგლებში ემანუელ მაკრონი მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის გლობალურ სამიტშიც, რომლის მიზანია ამ მიმართულებით ერთობლივი საკოორდინაციო პლატფორმის შექმნა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ეს მას შემდეგ, რაც გასულ წელს პარიზში „ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ“ მიღებულ შეთანხმებას მსოფლიო ლიდერთა ნაწილმა „უშინაარსო“ უწოდა.
ციფრულ სფეროსა და სხვა დარგებში ინდოეთ–საფრანგეთს შორის თანამშრომლობის პარალელურად, ნარენდრა მოდის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროპულ ბლოკთან კავშირების განმტკიცებაზეც.
ამ კონტექსტში, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ინდურმა მხარემ და ევროკავშირმა მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეათანხმეს „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“.
ხელშეკრულება საბოლოოდ ჯერ დამტკიცებული არ არის, რადგან რატიფიცირებას საჭიროებს, თუმცა ევროკავშირში ინდოეთის ელჩი დარწმუნებულია, რომ შეთანხმებას ხელი „უმოკლეს ვადებში“ მოეწერება.
თუ შეთანხმების სრულად ამოქმედება შესაძლებელი გახდება, 2032 წლისთვის ევროკავშირის პროდუქციის ექსპორტი ინდოეთში გაორმაგდება — ტარიფების დაახლოებით 96%-ით შემცირების ხარჯზე, რაც ევროპულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, წლიურად 4 მილიარდ ევრომდე დაზოგონ.
ეს გარიგება ხელსაყრელი იქნება არა მხოლოდ ევროპული სახელმწიფოებისთვის, არამედ ინდოეთისთვისაც, რომელიც აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციების შემდეგ, ექსპერტების შეფასებით, გარკვეულ „ეკონომიკურ შვებას“ იგრძნობს.

