ვატიკანი წმინდა პეტრეს ბაზილიკის კურთხევის 400 წლის იუბილეს აღსანიშნად ემზადება. მიზანი მილიონობით ვიზიტორის უკეთ გადანაწილება და ისტორიული ტაძრის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა.
ვატიკანის გადაწყვეტილებით, ამოქმედდება ონლაინჯავშნის ახალი სისტემა, რომელიც ბაზილიკაში შესვლის მრავალსაათიან რიგებს შეამცირებს. ასევე სტუმრებისთვის წირვა ერთდროულად 60-ამდე ენაზე ითარგმნება.
იუბილეს ფარგლებში ბაზილიკის ტერასაზე გაიხსნება გამოფენა, რომელიც ტაძრის ისტორიას ასახავს. ინიციატივამ, რომელიც ვიზიტორებს მცირედ წასახემსებელს სთავაზობს, დისკუსია გამოიწვია, თუმცა კარდინალმა მაურო გამბეტიმ განმარტა, რომ წყლისა და მსუბუქი საკვების შეთავაზება მისაღებია იმ მომლოცველებისთვის, რომლებიც გუმბათზე ასვლით იღლებიან.
„ამგვარად, თითქმის ორჯერ იზრდება უკვე არსებული სივრცე, რომელიც ტერასაზე იყო, ეს ადგილი დასასვენებლად გამოიყენებოდა, თუმცა საკმაოდ მცირე მასშტაბის იყო. აქ ადამიანს შეუძლია წყალი დალიოს, წაიხემსოს. ზოგიერთს, ვისაც საათობით უწევს რიგში დგომა, ან ტერასებსა თუ გუმბათზე ასვლა, შეიძლება დასჭირდეს რაიმე საკვების მიღება, რომ თავი შეუძლოდ არ იგრძნოს“ – განაცხადა წმინდა პეტრეს ბაზილიკის არქიპრესვიტერმა კარდინალმა მაურო გამბეტიმ.
„ჩვენ სიღრმისეულად შევისწავლეთ და გავაანალიზეთ მრავალი დოკუმენტი, რომლებიც XVII საუკუნიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. მათ შორის ფასადის აღდგენასთან დაკავშირებულ მასალებსაც, რაზეც დოქტორი გრანატა 1997–1999 წლებში საუბრობდა. ეს ყველა წყარო უაღრესად ფასეულია. ისინი წმინდა პეტრეს ბაზილიკის ისტორიულმა არქივმა მოგვაწოდა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ამ დოკუმენტებს ისეთივე სიფრთხილითა და პატივისცემით მოვეპყარით, როგორითაც მარმარილოს, ქვასა და იმ საძირკველს, რომელზეც ბაზილიკა დგას“ – განაცხადა კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების დირექტორმა ანალიზა მუჩიოლიმ.
პროექტები იტალიური ენერგეტიკული კომპანია ENI-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

