მთავარიგადაცემებიMade in Europeფრანგული სტარტაპი სამედიცინო რეაბილიტაციაში ახალ სიტყვას ამბობს

ფრანგული სტარტაპი სამედიცინო რეაბილიტაციაში ახალ სიტყვას ამბობს

ევრონიუსის რეპორტიორი ვალერი გორია საფრანგეთის ქალაქ სენტ-ეტიენში ჩავიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა იქ დაფუძნებული სტარტაპი  Dessintey, რომელიც  გლობალურ დონეზე სამედიცინო რეაბილიტაციის კომპეტენტურ ცენტრად იქცა.

2017 წელს დაფუძნებული სტარტაპი  Dessintey აწარმოებს ნეირომეცნიერებაზე დაფუძნებულ სარეაბილიტაციო თერაპიულ პლატფრმებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით გამოირჩევა სარკისებური თერაპიის მეთოდი.

„ჩვენ ვიღებთ ფირზე პაციენტის ჯანმრთელ მკლავს და სარკისებურად ისე ვაბრუნებთ გამოსახულებას, რომ პაციენტმა საკუთარი პარალიზებული ხელი დაინახოს, როგორც მოძრავი,“ – ამბობს  დავი ლიუნო, კომპანია Dessintey-ის თანადამფუძნებელი და პროდუქციის ექსპერტი. „ამ კადრზე დაკვირვება სტიმულს აძლევს პაციენტის ტვინის ნეიროპლასტიკურობას და მოძრაობის უნარის აღდგენას უწყობს ხელს“.

ეს მეთოდი მრავალ სხვადასხვა ტიპის პაციენტზე ამართლებს, მათ შორის არინა  ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტები, ვინც გადაიტანა ინსულტი, მიიღო ტვინის დაზიანება, აქვს რომელიმე ნეიროდეგენერაციული დაავადება, როგორიცაა მაგალითად, გაფანტული სკლეროზი. ასევე გამოიყენება ორთოპედიაში – მათთვის, ვისაც მოძრაობა არ შეუძლია,  ხელის რთული მოტეხილობის, ასევე ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებთან, მათთანაც, ვისაც კიდურების ამპუტაცია დასჭირდა. ამ მეთოდს იყენებენ ასევე ქვედა კიდურების დამბლისა და ხერხემლის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლის მქონე პაციენტებთან.

“როდესაც ამ აპარატზე ცდას ვატარებდით – თავიდან ნეიროსამეცნიერო მიზნით – მივხვდით, რომ მას დიდი პოტენციალი ჰქონდა რეაბილიტაციის კუთხით,“ – იხსენებს პასკალ ჟირო, სენტ-ეტიენის უნივერსიტეტის საავადმყოფოს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“Dessintey დაფუძნების სურვილი იმიტომ გაგვიჩნდა, რომ ეს თერაპიული საშუალებები რაც შეიძლება მეტი პაციენტისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. იმ დროს არც საფრანგეთში და არც სადმე სხვაგან არ იყო კომპანია, რომელიც შეძლებდა ასეთი ტიპის აპარატურის ინდუსტრიულ დონეზე წარმოებას. დღესაც კი იშვიათია ასეთი აპარატი, რომელიც მოძრაობის უნარის აღდგენას  მოძრაობის ვიზუალურად აღქმის გზით ეხმარება“.

სარკისებრი თერაპიის სისტემის მქონე აპარატურის გარდა, Dessintey  ბაზარს სხვა ჭკვიან პლატფორმებსაც სთავაზობს,  როგორიცაა, მაგალითად სენსორული, უკუკავშირზე დაფუძნებული თამაშის სისტემის მქონე სავარჯიშო მაგიდები.

ამ ინოვაციების წყალობით, 2024 წელს კომპანიას 60%-იანი ზრდა ჰქონდა. დღესდღეობით კომპანიის შემოსავალი 10 მილიონი ევროა და ის 30 ქვეყანაში მუშაობს, მათ შორის ევროპის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ჩვენს აპარატურას აქ ვაწარმოებთ, კომპონენტების ძირითადი ნაწილი აქედან 50 კილომეტრის რადიუსში იწარმოება. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ადგილობრივ პარტნიორებთან ვითანამშრომლოთ, პირველ რიგში, გარემოს ნაკლებად დაბინძურების კუთხით, თუმცა ყველაფერთან ერთად იმისთვის, რომ ეფექტურად განვვითარდეთ,“ – განმარტავს ნიკოლას ფურნიე, Dessintey-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი. „დღევანდელ მსოფლიოში სისწრაფე მთავარია. აშკარაა, რომ ევროპაში კონკურენციის გაწევა გვიხდება ამერიკულ ტექნოლოგიებთან. უკვე ვხედავთ, რომ კონკურენტები აზიაშიც ჩნდებიან. ამ ყველაფერს რომ გავუძლოთ, ფაქტია, ინოვაცია გვჭირდება. ეს ერთადერთი გზაა, რომ სხვებს გავუსწროთ“.

ავტორი: ვალერი გორია

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend