პლატფორმა, სახელწოდებით „ბილეთი“, ასიათასობით კუბელი მძღოლისთვის ერთადერთ იმედად ან, შეიძლება ითქვას, კოშმარად იქცა. ისინი ცდილობენ, მცირე ოდენობით მაინც მიიღონ საწვავი, რომელიც აშშ-ს მიერ დაწესებული ემბარგოს შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა.
კუბის ხელისუფლების დადგენილებით, აპლიკაციით, რომლის ჩამოტვირთვაც მობილურ ტელეფონებზეა შესაძლებელი და ვებსაიტიც აქვს, მომხმარებელს ყოველ ჯერზე მხოლოდ 20 ლიტრამდე საწვავის მიღება შეუძლია.
მექანიზმი შემდეგნაირად მუშაობს: პლატფორმაზე შესვლის შემდეგ იქმნება ანგარიში. მომხმარებელი ირჩევს სასურველ სერვისცენტრს, რომელიც, როგორც წესი, მის მახლობლად მდებარეობს. შემდეგ კი ელოდება თავის რიგს.
ხორხე რეიესი, რომელიც ჯერ არ იყო პლატფორმის მუშაობის პრინციპში გარკვეული, 16 თებერვალს დილით ადრე ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა და აღმოაჩინა, რომ მის წინ რიგში 7 ათასი ადამიანი იყო.
„როგორც იქნა შევედი აპლიკაციაში, ჩემი ნომერი 200-იდან 300-ამდე იყო, ზუსტად არ მახსოვს. ეს რამდენიმე დღის წინ იყო, დღეს ჩემი რიგია. რიგის ახალი ნომერი ავიღე და აღმოვაჩინე, რომ ჩემ წინ 7000 ადამიანია. დღეში კი მხოლოდ 50 მომხმარებელს უშვებენ. როდის მომიწევს კიდევ საწვავის ჩასხმა, არ ვიცი. ეს წარმოუდგენელია“. – აცხადებს პენსიონერი ზორზე რეიესი.
მძღოლები თვალყურს ადევნებენ აპლიკაციაში რიგს და სოციალური მედიის საშუალებით ურთიერთობენ. მათი თქმით, ბენზინგასამართ სადგურებს დღეში 50-იდან 90-ამდე მანქანის მომსახურება შეუძლიათ, როდესაც მოთხოვნა 10 000-იდან 12 000=ამდეა.
არავინ აცდენს თავის რიგს. დრო რომ მოუწევთ, ყველაფერი უნდა მიატოვონ, რომ ბენზინგასამართ სადგურზე დროულად მივიდნენ.
„გუშინ ძალიან ავღელდი, რადგან არ დამირეკეს. ახლობელი გავგზავნე, რომ გაერკვია, რა ხდებოდა მაგრამ აქ არავინ იყო. კიდევ უფრო შევშფოთდი. შემდეგ, დაახლოებით დილის 10 საათზე შეტყობინება მივიღე და მოვედი“. -ამბობს ექიმი მაიტე სოლომონი.
პლატფორმის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოლოდონის რეჟიმში 90 000-ზე მეტი ადამიანი იყო რეგისტრირებული, განაცხადების ყველაზე დიდი რაოდენობა კი ჰავანაში იყო.
საწვავის დეფიციტის პრობლემის გარდა, მძღოლებს ანგარიშსწორება დოლარში უწევთ. როგორც ცნობილია, გასულ კვირას კუბის პესომ აშშ დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
„20 ლიტრით ბევრს ვერაფერს გააკეთებ, ამიტომ ვცდილობთ, თავი გავიტანოთ. ასეთ სიტუაციაში ვართ დღეს საწვავისა და ბილეთების სისტემის გამო. საწვავზე, რომელიც მცირე რაოდენობითაა, ახლა უფრო მეტი კონტროლია“. -აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე არიელ ალონსო.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კუბაში ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისი გამწვავდა, რაც დიდწილად ქვეყნის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ ათწლეულების განმავლობაში დაწესებული სანქციებით იყო გამოწვეული. უფასურდება ეროვნული ვალუტაც, რის შედეგადაც კარიბის ზღვის აუზის ქვეყნის ეკონომიკა კი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული დოლარზე.

