მთავარიკულტურალეგენდარული მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში ვირჯინიას შტატში, მიდელბურგში,  საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ ლუჩიალა დიუვალმა გაავრცელა.

„გუშინ ჩემს საყვარელ მეუღლეს, ძვირფას მეგობარსა და ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობს დავემშვიდობეთ. ბობი სახლში, სიყვარულითა და კომფორტით გარშემორტყმულ გარემოში გარდაიცვალა. მსოფლიოსთვის ის იყო ოსკაროსანი მსახიობი, რეჟისორი, მთხრობელი. ჩემთვის კი ის უბრალოდ ყველაფერი იყო. ბობმა თითოეული როლისთვის და ამ პერსონაჟების განსასახიერებლად ყველაფერი გაიღო. მან ყველას რაღაც სამუდამო და დაუვიწყარი დაგვიტოვა. მადლობას გიხდით წლების განმავლობაში ბობისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. ასევე იმისთვის, რომ დროსა და პირად სივრცეს გვითმობთ, რომ იგი გავიხსენოთ და პატივი ვცეთ“, – წერს ლუჩიანა დიუვალი მეუღლის სოციალურ გვერდზე.

რობერტ დიუვალს ხანგრძლივი, არაპროგნოზირებადი და განსაკუთრებით წარმატებული კარიერა ჰქონდა, ასრულებდა როგორც მთავარ, ისე მეორეხარისხოვან როლებს. მისი სადებიუტო ფილმი 1962 წელს გამოშვებული „ნუ მოჰკლავ ჯაფარას“ იყო, რომელშიც მან ბუ რედლის როლი შეასრულა.

ხანგგრძილივი კარიერის განმავლობაში, რობერტ დიუვალმა 240-ზე მეტ ფილმში ითამაშა და გამორჩეული პერსონაჟების გალერეა შექმნა. იგი შვიდჯერ იყო ოსკარის ნომინაციაზე წარდგენილი. 1983 წლის ფილმში „ნაზი გულკეთილობა“  საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის ოსკარი დაიმსახურა. მან ასევე მოიპოვა ოთხი „ოქროს გლობუსი“, მათ შორის ერთი 1989 წლის მინისერიალში „მარტოსული მტრედი“ პირუტყვის ფილოსოფოსი მწყემსის როლის შესრულებისთვის. როგორც თავად ამბობდა, მისთვის ეს ყველაზე საყვარელი როლი იყო.

რობერტ დიუვალი გამორჩეული იყო 1972 წლის საკულტო ფილმში „ნათლია“, რომელშიც მან ვიტო კორლეონეს მრჩეველი ტომ ჰეიგენი განასახიერა და ამ როლისთვის ოსკარზეც წარადგინეს მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

მაღალბიუჯეტური ფილმების პარალელურად, რობერტ დიუვალი ხშირად შედარებით მცირე მასშტაბის კერძო პროექტებზეც მუშაობდა. როგორც რეჟისორმა, მან დოკუმენტური ფილმები გადაიღო, მათ შორის ფილმი ბოშების შესახებ „ანჯელო, ჩემო სიყვარულო“;  ამერიკელი ოჯახის შესახებ, „ჩვენ არ ვართ ჯეტ-სეტი“ და  არგენტინულ ცეკვა ტანგოზე, „მკვლელობის ტანგო“, რომელშიც თავადაც მონაწილეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend