ევროკავშირის სახელით, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში კომისარი დუბროვკა სუიცა ჩავა.
ევროპელი დიპლომატი აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო ორგანიზაციის მხოლოდ ოფიციალურ მიღების ცერემონიასა და ღაზის სექტორის ირგვლივ დაგეგმილ მრგვალ მაგიდას დაესწრება.
გადაწყვეტილების მიზეზად ბრიუსელში ასახელებენ ევროკავშირის მიერ აღებულ ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების აღსრულებასა და ომისგან განადგურებული ტერიტორიის შემდგომ აღდგენას.
„ნება მომეცით, ხაზი გავუსვა, რომ ევროკომისია არ ხდება „მშვიდობის საბჭოს“ წევრი. როგორც იცით, ევროკავშირმა ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ღაზაში. ჩვენ ასევე დახმარებას ვუწევთ პალესტინელებს და მათთვის ვართ უმსხვილესი დონორები.
გასულ წელს ჩვენ პალესტინელებისთვის კომერციული პროგრამა შევიმუშავეთ, რომლის მოცულობაც 1.6 მილიარდ ევროს შეადგენს.
ამას გარდა, 2023 წლის ოქტომბრიდან ჩვენ 500 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გავწიეთ, რაც სრულად შეესაბამება ჩვენს ვალდებულებებს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად“, — განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში, გიომ მერსიემ.
სამშვიდობო ორგანიზაციაში თეთრი სახლის ადმინისტრაციისგან ევრობლოკის სახელით მონაწილეობაზე მოწვევა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიღო, თუმცა, როგორც ჩანს, დაძაბული ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ფონზე, მან ამ მოწვევაზე უარი თქვა.
ამის მიუხედავად, ბრიუსელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი საბოლოოდ მაინც არ ამბობს უარს ტრამპის „მშვიდობის საბჭოსთან“ თანამშრომლობაზე, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივისადმი ევრობლოკის სახელმწიფოების უმრავლესობის სკეპტიკური განწყობებისა.
ევროკომისიის ერთ-ერთი წარმომადგენლის განმარტებით, თემის გარშემო გაიმართება კონსულტაციები ბულგარელ დიპლომატ ნიკოლაი მლადენოვთან, რომელიც დონალდ ტრამპმა ღაზის საკითხზე „მშვიდობის საბჭოს“ უმაღლეს წარმომადგენლად დანიშნა და დაავალა, უზრუნველყოს ურთიერთობების დალაგება საბჭოსა და პალესტინის ტექნოკრატიულ კომიტეტს შორის.
„ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს აქვს კომუნიკაცია საგარეო საქმეთა მინისტრებთან და, როგორც იცით, მომდევნო კვირაში გვექნება შეხვედრა საგარეო საკითხებთან დაკავშირებით. ამ შეხვედრაზე დიპლომატები ბატონ ნიკოლაი მლადენოვთან განიხილავენ, კონკრეტულად რა დამატებითი ძალისხმევის ჩადება შეუძლია ევროკავშირს ღაზის სამშვიდობო გეგმაში“, — განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
ვაშინგტონსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის ბოლო პერიოდში არსებული უთანხმოების ფონზე, რაც განსაკუთრებით ე.წ. „სატარიფო მუქარებითა“ და გრენლანდიის საკითხით არის გამოწვეული, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიდი ნაწილი უარს აცხადებს „მშვიდობის საბჭოს“ სრულფასოვან წევრობაზე, განსხვავებით უნგრეთისგან.
მაგალითად, იტალიამ, რუმინეთმა, საბერძნეთმა და კვიპროსმა განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპის ორგანიზაციას „დამკვირვებლის“ სტატუსით შეუერთდებიან. მათგან მხოლოდ ბუქარესტის დელეგაცია იქნება წარმოდგენილი ვაშინგტონის შეხვედრაზე.
ამ შეხვედრამდე კი დონალდ ტრამპი საუბრობს იმ საკითხებზე, რომლებსაც, როგორც თავად აცხადებს, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მიაღწია:
„შეხედეთ ღაზას — ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა გვაქვს. რა თქმა უნდა, აქა-იქ კონფლიქტები წარმოიქმნება ხოლმე, თუმცა საერთო ჯამში მაინც მშვიდობაა. მეტწილად ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განვახორციელეთ…
უბრალოდ მინდა, ხალხს დავეხმარო. ეს 5 მილიარდი ჩვეულებრივი ხურდაა იმ თანხებთან შედარებით, რაც ახლო აღმოსავლეთში დახარჯეს ბუშმა, ობამამ და ბაიდენმა. გვინდა, წარმატებას მივაღწიოთ. ვფიქრობ, ამ საბჭოს აქვს შანსი, გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი ოდესმე შექმნილა“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპისგან „მშვიდობის საბჭოს“ წევრობაზე მიწვევა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ მიიღო. მუდმივი წევრობის სანაცვლოდ ქვეყნებმა 1 მილიარდი აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ.
საბჭოს დამფუძნებელ ქვეყნებს შორის არის კრემლის მოკავშირე ბელარუსიც. მიწვეულია მოსკოვიც, რომელიც საკითხის ირგვლივ ჯერ კიდევ „კონსულტაციებს გადის პარტნიორებთან“.

